შავგულიძე: ეს კანონი დაგვტოვებს მარტოს რუსეთის წინაშე, გაგვაუცხოებს ცივილიზებული სამყაროსგან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პარლამენტში გამოსვლის დროს ჩამოთვალა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის მიღება დაუშვებელია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„კანონი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციას წლიური შემოსავლის 20%-ზე მტი აქვს უცხოური დაფინანსება, ის უნდა დარეგისტრირდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად სპეციალურ რეესტრში. ცუდი ფრაზაა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, მიანიშნებს ჯაშუშობაზე, საკუთარ ქვეყანაში უცხო ძალის ინტერესების სამსახურზე. 150-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ამას არ დაირქმევენ. ამიტომ,

შევთავაზეთ უმრავლესობას, კანონის ავტორებს, მოდით, რადგან ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც გინდათ ისინი საკუთარ ქვეყანაში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად გამოაცხადოთ, არის დაფინანსება, ამ რეესტრს უწოდეთ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების რეესტრი. ამაზეც უარი მივიღეთ.

ამის შემდეგ რას ითვალისწინებს კანონი - თუ უარს იტყვის არასამთავრობო ორგანიზაცია ან მედიასაშუალება, არ დაიბრალებს უცხოური ძალის ინტერესების მსახურებას, იუსტიციის სამინისტრო ჩაატარებს მონიტორინგს და მაინც დაარეგისტრირებს, ანუ ამ იარლიყს, ამ კლიშეს მაინც მიაკერებს, თან გადაახდევინებს 25 000 ლარის ოდენობით ჯარიმას. მისცემს 10-დღიან ვადას და თუ ეს ორგანიზაცია თვითაღიარებას არ მოახდენს და არ განაცხადებს, რომ „კი, ნამდვილად ვარ უცხოეთის ჯაშუში“, ყოველ ერთ თვეში ერთხელ 20-20 ათასით დააჯარიმებს, იმ შუალედებში კი 10-10 ათასიანი ჯარიმებია. თუ ორგანიზაცია არ დაიბრალებს უცხოური ძალის აგენტობას, კანონი სანქციებს ითვალისწინებს. ამ სანქციებით მოხდება ორგანიზაციების პარალიზება და გაქრობა.

ასეთ კანონს რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს? პირველი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზება, რაც ძალიან ჰგავს საბჭოურ რეპრესიებს - ხალხის მტრებად რომ აცხადებდნენ ადამიანებს სრულიად უმიზეზოდ. ძალიან ჰგავს თავისი სულით და იმიტომ არის რუსული კანონი. ერთ-ერთი არგუმენტი ესეც არის.

სხვა რა შედეგი ექნება - დასავლეთი გვეუბნება, რომ ასეთი კანონით ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ადგილი ვერ იქნება. ამასაც არ აქცევს ყურადღებას უმრავლესობა. დასავლეთს, ჩვენს პარტნიორებს, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებსაც კი, ეს კანონი აცხადებს უცხოურ ძალად და თან ისეთ უცხოურ ძალად, რომელსაც აქ ვითომ ჯაშუშური ქსელი აქვს და თავის ინტერესებს ატარებს. 30 წელი თუ ვართ ქვეყანა, თუ შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა საერთოდ, სწორედ მათი დახმარებით არის. ვინ გააჩერა რუსის ჯარი, რომ დაიძრნენ და თბილისისკენ მოდიოდნენ? ვინ და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, დასავლეთის ცივილიზაციის პარტნიორმა ქვეყნებმა.

ეს კანონი ჩვენ დაგვტოვებს მარტოს. მოხდება გაუცხოება ცივილიზებული სამყაროსგან და მარტო აღმოვჩნდებით მტრის, რუსეთის წინაშე“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, რუსული კანონის გარდამავალ დებულებეში არსებული ჩანაწერი მას უკუძალას აძლევს, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„პასუხისმგებლობა უცხოური დაფინანსებისთვის ვრცელდება 2023 წელს ჩადენილ ქმედებაზე. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. არ შეიძლება ამ კანონისთვის უკუძალის მიცემა. ძალიან ცუდი კანონია, ძალიან დამაზიანებელი, მაგრამ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში რომ არ შევიდეს, უნდა გავრცელდეს იმ დაფინანსებაზე, რომელიც ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მოხდება და არა შარშანდელზე“, - განაცხადა შავგულიძემ.

პარლამენტი რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს და სავარაუდოდ, დღეს უყრის კენჭს. მუხლობრივი განხილვის დროს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს შეკითხვების დასმისა და განცხადებების გაკეთების საშუალებას არ აძლევდა, მათ მიკროფონს უთიშავდა. პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა თინათინ ბოკუჩავა, თამარ ჩარკვიანი, სალომე სამადაშვილი და გიორგი ბოტკოველი.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა.

რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან. 17 აპრილს, 83-მა დეპუტატმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).