შმაგი დიღმელაშვილს ოკუპირებულ დონეცკში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

შმაგი დიღმელაშვილი

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაასამართლა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 42 წლის შმაგი დიღმელაშვილს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსული მხარე დიღმელაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით ედავებოდა, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიების მტკიცებით, დადგინდა, რომ 2022 წლის მარტში იგი შეუერთდა „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“ (რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული), გაიარა მომზადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ბაზებზე და 2025 წლის შემოდგომამდე, ანაზღაურების სანაცვლოდ, მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსი სამხედროების წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაცია აქტიურად ასამართლებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეების უმეტესობა დაუსწრებლად განიხილება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტყვეობაში ჩავარდნილი ქართველების მიმართ ოკუპანტები უკიდურესად მკაცრ სასჯელებს იყენებენ. „საქართველოს ამბები“ ადრეც აშუქებდა ანალოგიურ რეზონანსულ შემთხვევებს:

„აზოვსტალის“ მცველს, 22 წლის მამუკა გაწერელიას 2024 წლის თებერვალში ე.წ. დონეცკის უზენაესმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. გაწერელია გახდა პირველი ქართველი მოხალისე, რომლის მიმართაც რუსეთის ხელისუფლებამ უვადო თავისუფლების აღკვეთა გამოიყენა.

მამუკა გაწერელია

2025 წლის იანვარში იმავე „სასამართლომ“ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ნიკოლოზ ბერიანიძეს. მას ბრალად დასდეს არა მხოლოდ ომში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობა, არამედ მარიუპოლში რუსი სამხედროების მკვლელობის მცდელობა.

2025 წლის აგვისტოში რუსეთმა 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა ალეკო ელისაშვილს.

იმავე წლის დეკემბერში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს 28 წლის ნინო კახნიაშვილს.

2026 წლის თებერვალში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი ჩუბეთიძეს. იგი დამნაშავედ ცნეს შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის მოსპობის მუხლებით. გაწერელიას მსგავსად ჩუბეთიძეც დაპატიმრებულია.

გიორგი ჩუბეთიძე

თებერვალში დაუსწრებლად გაასამართლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე და 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

იმავე თვეში 47 წლის ზაზა ცხოვრებაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

მარტში განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს ადვოკატს, 37 წლის ბექა ბასილაიას და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.