აზოვსტალის მცველს, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, 22 წლის მამუკა გაწერელიას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში 3 რუსი სამხედროს მკვლელობას ედავებიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რუსეთის გენერალური პროკურატურისა და საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამუკა გაწერელია 2022 წლის მარტში უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა, უკრაინის შეირაღებულ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც სწავლება გაიარა და მარიუპოლში იქნა გაგზავნილი.

„2022 წლის 1-ელ აპრილს, გაწარელია, როგორც დაქირავებული მებრძოლი, საბრძოლო პოზიციაზე იმყოფებოდა მარიუპოლში, ციბულკოს ქუჩაში მდებარე მრავალბინიანი სახლის ბინაში. მან ესროლა რუსეთის შეიარაღებული ძალების ოთხ სამხედრო მოსამსახურეს, სამი სამხედრო ადგილზე გარდაიცვალა, ერთმა გადარჩენა მოახერხა. 2022 წლის 14 აპრილს მანვე, ფედოროვის ქუჩაზე საბრძოლო პოზიციაზე ყოფნის დროს, ორი ხელყუმბარა ესროლა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფს, რითაც რეალური საფრთხე შეუქმნა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - განაცხადეს რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.

მამუკა გაწერელია დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფა) და 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული ჯარისკაცის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის სასჯელს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, რომ მამუკა გაწერელია 2022 წლის მაისში ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ და ის სრულად აღიარებს დანაშაულს.

„არ ინერვიულოთ, კარგად ვარო, მაგრამ არამგონია კარგად იყოს, რადგან სურათში ნახეთ,  რა დღეშია. მესმოდა, იქიდან უთხრეს, თქვი, რომ ქართველებს კარგად ექცევიანო“, - ამბობს მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე, რომელიც შვილს განაჩენის გამოცხადებამდე ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს ხელისუფლებას მამუკა გაწერელიასთვის გამოტანილ განაჩენზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ოჯახმა დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა. უკრაინის ხელისუფლებისგანაც ითხოვენ, მამუკა გაწერელიას გასათავისუფლლებლად ყველაფერი გაკეთდეს.

„ვისაც როგორ შეუძლია, დაგვეხმაროს. დაგვეხმარონ, რომ არ მოკლან. ვიცით, რომ იქ ვერ გადარჩება, იქ მას კარგი დღე არ ელის“, - აცხადებს დალი ჩხეიძე.

გაწერელიების ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი. დალი ჩხეიძის თქმით, 2022  წლის თებერვალში ომის დაწყებიდან მალევე, მამუკა უკრაინაში მოხალისედ წავიდა, რადგან „სწამდა რომ ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის“. მაშინ ის 21 წლის იყო. მოგვიანებით, ქართველი მებრძოლი „აზოვსტალის“ მცველებს შეუერთდა. მაისში, ორთვიანი წინააღმდეგობის შემდეგ, მტრის ალყაში მოქცეული უკრაინის არმიის ქვედანაყოფები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილნენ და „აზოვსტალი“ დატოვეს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბლოკირებული „აზოვის“ პოლკის და უკრაინის შეიარაღებული ძალების 2439 სამხედრო ტყვედ ჩაბარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).