რაჭაში, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის გიორგი გოგინაშვილი და დავით ბერიაშვილი არიან. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
გიორგი გოგინაშვილი თბილისში, ვარკეთილში ცხოვრობდა და შოვში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. გიორგი გოგინაშვილი აქტიურად იყო ჩართული ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტში.
„რიონის ხეობის გადარჩენისთვის გიორგის წვლილი განსაკუთრებულია - მთელი თავისი უნარი, შრომა, სული და გული მიუძღვნა ამ საქმეს. იშვიათია ასეთი ნათელი ადამიანი“, - ნათქვამია მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოძრაობის დამფუძნებელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ გიორგი გოგინაშვილი პროტესტს თავიდანვე შეუერთდა და თვეების განმავლობაში, რიონის ხეობაში გაშლილ კარვებში რჩებოდა.
„თბილისში შვილების სანახავად მიდიოდა და ისევ უკან ბრუნდებოდა. მოგვიანებით, როდესაც ტვიშში ლეჩხუმური ღვინის ფესტივალი დავაფუძნეთ, იქაც აქტიურად გვეხმარებოდა“, - უთხრა გოლეთიანმა „საქართველოს ამბებს“.
25 წლის დავით ბერიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტდან, ქალაქ წნორიდან იყო. ის შოვში მეგობრებთან, და-ძმა სოფო და გიორგი ყარალაშვილებთან ერთად ისვენებდა. და-ძმა ამ დრომდე დაკარგულებად მიიჩნევიან.
შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. 3 და 4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 210 ადამიანი გამოიყვანეს.
სამაშველო-საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დღეს, 6 აგვისტოს, სტიქიის ზონაში მე-18 ცხედარი იპოვეს და ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც მესამე დღეა დაღუპულთა იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. დადგენილია 12 დაღუპულის ვინაობა. მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკა, რომელიც სტიქიის დროს მეუღლესთან, ზაზა მესხთან და სამ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა. ასევე ცნობილია, რომ სტიქიას რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევაც ემსხვერპლა.
დაკარგულად მიიჩნევა 18 ადამიანი, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქიამდე ორი დღით ადრე, ბუბას მთაზე მეწყერი ჩამოვიდა, რის შედეგადაც მდინარე ბუბისწყლის ხეობაში დიდი რაოდენობით წყალი დაგუბდა, 3 აგვისტოს კი, წყალმა გამოხეთქა და ღვარცოფი გამოიწვია.
