სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 181 დღეა ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ აქციას მართავენ, თბილისში გადაინაცვლებენ. აქცია ოთხშაბათს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ არის დაანონსებული. როგორც გიორგი ნეფარიძე ამბობს, ეცდებიან, ამ გზით მაინც მიიქციონ ხელისუფლების ყურადღება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 6 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
პროტესტის მონაწილეებმა 9 დღის წინ უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს. ამირან შეყილაძეს, გიორგი ბიწაძეს, ჯუმბერ ცუცქირიძეს, ზვიად პაპიძესა და ჯამბულ მაჭარაშვილს პირი აქვთ ამოკერილი.
„2019 წელს პირველად გაიშალა საპროტესტო კარავი და მას შემდეგ უშედეგოდ ვითხოვთ ამ პროცეში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას. ხელისუფლება პასუხისმგებლობას არ იღებს. 11 სექტემბერს, ოთხშაბათს, მოვდივართ დედაქალაქში და ვიკრიბებით რუსთაველზე, პარლამენტის წინ, რათა იქნებ როგორღაც მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ცენტრალურ ხელისუფლებას“, - ამბობს შუქრუთში მცხოვრები გიორგი ნეფარიძე.
24 აგვისტოს, შუქრუთელებმა, რომლებსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად საცხოვრებელი სახლები ენგრევათ, სცადეს საპროტესტო მსვლელობა მოეწყოთ ჭორვილაში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის მშობლიურ სოფელში. მათ სურდათ, ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა მიეწვდინათ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია ჩაგრავთ და სისტემა ებრძვით. პროტესტის მონაწილეებს ჭორვილას შესასვლელთან საგანგებოდ მობილიზებული პირები და ასობით პოლიციელი დახვდათ. ისინი ივანიშვილის სოფელში არ შეუშვეს.
შუქრუთში მცხოვრებთაგან 30 ოჯახი, რომელთა სახლების ქვეშ მაღარო გადის და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმს მოიპოვებდა, თითქმის 6 თვეა აქციას მართავს. სახლები და ეზოები ინგრევა. სოფელში თითქმის 2 კილომეტრის სიგრძეზე ღრმულებია გაჩენილი. დაზარალებული ხალხი კომპანიისგან ზარალის ობიექტურად შეფასებას და ადეკვატური კომპენსაციის გადახდას ითხოვს. საპროტესტო ქციის დაწყების შემდეგ, დღემდე, შუქრუთის მაღაროს მუშაობა გაჩერებულია. კომპანიამ ფიზიკური ძალის გამოყენებით და პოლიციის დახმარებით არაერთხელ სცადა სამუშაო პროცესის აღდგენა, მაგრამ ვერ შეძლო. კომპანიის მოთხოვნით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყეს და სამი მათგანი - გიორგი ნეფარიძე, რომან მეგრელიშვილი და მალხაზ ლაბაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. სამსახურიდან გაათავისუფლეს აქციის 5 მონაწილე. „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა შუქრუთელებს სასამართლოშიც უჩივლა და მაღაროსთან პროტესტის აკრძალვა მოითხოვა, რაც საჩხერის სასამართლომ დააკმაყოფილა. ამის მიუხედავად, აქცია არ შეწყდა. რამდენიმე დღის წინ, სასამართლოში წარდგენილი ახალი სარჩელით კომპანია აქციის ყველა მონაწილის საკუთრების დაყადაღებას და მათგან 5 მილიონ ლარზე მეტის გადახდას ითხოვს.
