შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო სამიტში მონაწილე 80-მა ქვეყანამ და ოთხმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მხარი დაუჭირეს ერთობლივ კომუნიკეს, რომელშიც ნათქვამია, რომ გაეროს წესდება, მათ შორის ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპები, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საფუძველია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
კომუნიკეს მხარდამჭერებს შორის არიან ევროკავშირის 27 ქვეყანა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, საქართველო, ფინეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ასევე ევროპარლამენტი. კომუნიკეს ხელი არ მოაწერეს საუდის არაბეთმა, ტაილანდმა, ინდოეთმა, მექსიკამ, სამხრეთ აფრიკამ და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა.
კომუნიკეს ხელმომწერები აცხადებენ, რომ საერთო ხედვა აქვთ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:
- უკრაინის ატომური ელექტროსადგურები, მათ შორის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უნდა მუშაობდეს უკრაინის კონტროლის ქვეშ და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) პრინციპების შესაბამისად და მისი ზედამხედველობით. ნებისმიერი საფრთხე ან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის ომის კონტექსტში მიუღებელია.
- უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები უსაფრთხოდ და თავისუფლად უნდა მიეწოდოს დაინტერესებულ მესამე ქვეყნებს. სასურსათო უსაფრთხოება არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად. უკრაინის წვდომა შავი და აზოვის ზღვების პორტებთან უნდა აღდგეს.
- ყველა სამხედრო ტყვე უნდა გათავისუფლდეს სრული გაცვლით. ყველა დეპორტირებული და უკანონოდ დევნილი უკრაინელი ბავშვი და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე უნდა დაბრუნდეს უკრაინაში.
გარდა ამისა, კომუნიკეს ხელმომწერებს სჯერათ, რომ მშვიდობის მიღწევას სჭირდება დიალოგი ყველა მხარეს შორის.
მშვიდობის სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართა, 100-მდე ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ რუსეთი, ხოლო ჩინეთმა, უკრაინის მიწვევის მიუხედავად, მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
„ჩინეთი ძალიან სერიოზული სახელმწიფო და სერიოზული ეკონომიკაა, რომელსაც პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა აქვს რუსეთზე. ჩინეთს ნამდვილად აქვს გავლენა და მჯერა, რომ შეუძლია დაგვეხმაროს. მეგობრები არიან ისინი, ვინც სირთულეების დროს გეხმარებიან. ვისურვებდი, რომ ჩინეთი უკრაინის მეგობარი იყოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საქართველოს სამიტზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა. როგორც მან განაცხადა,ქართველებისთვის უცნობი არ არის უკრაინელების განსაცდელი და საქართველოც რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მსხვერპლია.
„ჩვენ დღესაც განვიცდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისგან მიყენებულ ჰუმანიტარულ ზიანს. ნათელია, რომ ომი უკრაინაში არ არის იზოლირებული კონფლიქტი, ის მეზობლების წინააღმდეგ მიმართული რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის გაგრძელებაა. სწორედ ამ მიზეზით ვცდილობთ ვიპოვოთ და მოვიპოვოთ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა უკრაინაში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.