„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის. მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში ივლისის ბოლოს იმყოფებოდა და პრეზიდენტ სი ძინპინს ქალაქ ჩენგდუში შეხვდა. CCTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან დაინტერესებულია ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით.
„გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით რატომ. ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული.
მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია! სწორედ ეს სჭირდება მსოფლიოს დღეს. მსოფლიოს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება! ყველა ერზე ვამბობ, ეს მთელ პლანეტას სჭირდება! პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის“, - თქვა ღარიბაშვილმა ინტერვიუში, რომელიც თარგმანი ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ გადაწყევტილებად შეაფასა ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.
სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერია, რომელიც სახალხო რესპუბლიკას 2013 წლიდან მართავს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ბოლო ანგარიშში წერს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთის ავტორიტარული რეჟიმი სულ უფრო რეპრესიული გახდა, მმართველი ჩინეთის კომუნისტური პარტია კონტროლს ამკაცრებს ცხოვრებისა და მმართველობის ყველა ასპექტზე, მათ შორის სახელმწიფო ბიუროკრატიაზე, მედიაზე, ონლაინ სიტვის თავისუფლებაზე, რელიგიურ პრაქტიკაზე, უნივერსიტეტებზე, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებებზე. ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოახდინა საკუთარ ხელში ძალაუფლების თავმოყრა იმ ხარისხით, რაც ჩინეთში ათწლეულების განმავლობაში არ უნახავთ.
Freedom House აღნიშნავს, რომ ჩინეთის სამოქალაქო საზოგადოება დიდწილად განადგურებულია განსხვავებული პოლიტიკური აზრის, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად.
ჩინეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდული მედია გარემოა. დაბლოკილია ათასობით ვებსაიტი, მათ შორის, New York Times-ისა და BBC-ის, ასევე, სოციალური ქსელები YouTube, Twitter და Facebook. საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, 2022 წელს ჩინეთში 43 ჟურნალისტი დააპატიმრეს.