სომხეთმა და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი ოფიციალურად დაიწყეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
„ეს არის ჩვენი ერთგულების აშკარა დემონსტრირება სომხეთთან მობილობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ. ეს წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი საერთო მიზნისკენ, სომხეთისა და ევროკავშირის ხალხების დაახლოებისკენ და აღიარებს სომხეთის ძალისხმევას ევროკავშირთან კავშირებისა და საერთო ღირებულებების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა, რომელიც ერევანში 9 სექტემბერს ჩავიდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დიალოგის დაწყებას ერევანსა და ბრიუსელს შორის ორმხრივ ურთიერთობებში „მნიშვნელოვანი მომენტი“ უწოდა.
„მიხარია, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ძვრებია. იწყება მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ევროპის სამშვიდობო მექანიზმის მეშვეობით სომხეთის მხარდაჭერაზე, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - თქვა ფაშინიანმა.
მარგარიტის სხინასთან შეხვედრაზე მან გაიხსენა გასული წლის გამოსვლა ევროპარლამენტში, სადაც განაცხადა, რომ ერევნის სურვილია იყოს ევროკავშირთან იმდენად ახლოს, რამდენადაც ევროკავშირი ამას მიიჩნევს შესაძლებლად. პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შემდეგ სომხეთში გრძელდება დისკუსიები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.
„ეს არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ის სომხეთის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად იქცა. აუცილებელია ამ თემას დეტალურად და კომპლექსურად მივუდგეთ. აქ მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირიდან ჩვენი პარტნიორების შენიშვნებისა და რჩევების მოსმენა“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
დიალოგის მიზანია სომხეთის მოქალაქეებისთვის საბოლოოდ გაუქმდეს ვიზის ვალდებულება ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტების დროს. მისი ამოქმედების წინაპირობა სომხეთის ხელისუფლების მიერ რეფორმების განხორციელებაა. ევროკომისიის განცხადებით, სხვა მესამე ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ დიალოგი მრავალწლიანი პროცესი იქნება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.
„პროცესის საფუძველი იქნება დამსახურებასა და პროგრესზე დაფუძნებული მიდგომა. ამიტომ პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება, უვიზო რეჟიმზე ავტომატური გადასვლის გარეშე. ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილოებას ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი მიიღებენ“, - ვკითხულობთ სომხეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
