ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ კონვენციის მუხლების დარღვევა არ დაადგინა. დღევანდელი გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულ ორ სისხლის სამართლის საქმეს ეხება - 2005 წელს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას და 2008 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის შეწყალებას. სასამართლომ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დარღვეული არ ყოფილა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (სამართლიანი სასამართლოს უფლება/მოწმეების დასწრებისა და დაკითხვის უფლება) არც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განიხილეს ეროვნულმა სასამართლოებმა სააკაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები და არც იმ მოსამართლის დამოუკიდებლობის ან მიუკერძოებლობის სავარაუდო ნაკლებობასთან დაკავშირებით, რომელმაც მის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე განიხილა.
სასამართლომ, 5 მოსამართლის ხმით 2-ის წინააღმდეგ, დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია არც ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) დარღვევას. მიხეილ სააკაშვილი დავობდა, რომ არ შეეძლო განეჭვრიტა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა შეწყალებაზე უფლებამოსილების გამოყენების გამო, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტის აბსოლუტური უფლებაა.
„ბატონ სააკაშვილს შეეძლო, გონივრულად განეჭვრიტა, საქმის კონკრეტულ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მკვლელობის საქმეზე შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრებდა“, - მიიჩნია ევროპულმა სასამართლომ.
გარდა ამისა, სასამართლომ დაუშვებლად ცნო მიხეილ სააკაშვილის საჩივარი კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) დარღვევის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, მას არ დაუსაბუთებია თავისი ბრალდება იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ დევნის უკან არსებობდა ფარული მოტივი - ქართულ პოლიტიკაში მისი მონაწილეობისთვის ხელის შეშლა.
„დაუსაბუთებელი იყო მისი შიში იმის შესახებ, რომ მისი დევნის უკან იყო ფარული მოტივი. სააკაშვილის პოლიტიკურ პარტიასა და ახალ მმართველ ძალას შორის მწარე პოლიტიკური ანტაგონიზმი თავისთავად ვერ ამტკიცებდა იმას, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნის მთავარი მიზანი ქართულ პოლიტიკაში მისი მონაწილეობის შეფერხება იყო. პირიქით, და განსაკუთრებით სათანადოდ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლების გულწრფელი სურვილი იყო სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა მისი არასწორი ქმედებების გამო. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირიც კი, პრინციპში, არ იყო დაცული დევნისგან“, - წერს სასამართლო.
მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მესამე პრეზიდენტი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება, პუტინის ტყვეა.
ექსპრეზიდენტი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. 2022 წლის 12 მაისიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.