ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. მელია დავობდა 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, მისი დაკავებისას ევროპული კონვენციის მე-5 და მე-18 მუხლების დარღვევაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.
„ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს. არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია... საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ „საჭიროებამდე“, ასეთია „ოცნების სამართალი“, - ასე გამოეხმაურა მელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მელიას დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იყო კანონიერი და ევროპული კონვენციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. მისივე თქმით, სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავებაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტები.
პროკურატურა ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.
თბილისში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას. ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია დაშალა, კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 პოლიციელი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის, 18 წლის გოგომ. სხეულის დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.
სასამართლომ 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, აქციაზე სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. მელიამ გირაო აღარ გადაიხადა. 2021 წლის 12 თებერვალს, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა. 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მელიას იმუნიტეტი შეუჩერა - გენერალურ პროკურორს თანხმობა მიეცა, ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა. 17 თებერვალს მელიას პატიმრობა შეეფარდა.
2021 წლის 23 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
ოპოზიცია ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა. მელია აცხადებდა, რომ დაპატიმრებით პოლიტიკიდან მისი ჩამოცილება სურდათ.
მელიამ ციხე 2021 წლის 10 მაისს, თითქმის სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. სასამართლომ მას პატიმრობა გირაოთი მას შემდეგ შეუცვალა, რაც გირაოს თანხა 40 ათასი ლარი, ევროკავშირმა გადაიხადა. მელიას გათავისუფლება 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო.