სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი ფეისბუკზე მისი სახელით გავრცელებულ განცხადებებში, ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე ზეწოლას ადასტურებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
„ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ, სუს-მა, მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ.
მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს, მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე „ოცნებისთვის“ სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია. ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუსი. ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება ალავიძეზე, სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.
სუს-ში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიოჩაწერა. ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს.
რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მოვუწოდებ მას, ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით“, - წერს გოგაშვილი 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ „მთავარი არხისთვის“ 17 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მოსამართლეებს ქუჩური წესებით საქმეებს ურჩევდნენ, კაბინეტებში იბარებდნენ და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რა შედეგი უნდა დამდგარიყო ამა თუ იმ საქმეზე.
ბესარიონ ალავიძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2011 წლის თებერვალში ათწლიანი ვადით დაინიშნა. ის ერთ-ერთი იყო იმ 9 მოსამართლეს შორის, რომელმაც 2017 წელს „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა და ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.
ალავიძე 2019 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პერიოდში, ღიად საუბრობდა სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და „ჩაწყობებზე“. ასევე, იგი ადასტურებდა სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის არსებობას. 2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა ამოეწურა, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს არ წარუდგინა.
2022 წლის ივნისში, ბესარიონ ალავიძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა „სასამართლოს „კლანის“ წევრებს, „შინაურულად“ სახლში წასვლა ურჩიოს, რადგან მათგან გათავისუფლებას მთელი სასამართლო კორპუსი ელოდა“.
სოსო გოგაშვილის მიერ ბესარიონ ალავიძის განცხადების დადასტურების შემდეგ, 21 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ, გოგაშვილი მუქარაში დაადანაშაულა. არასამთავრობო ორგანიზაციები „კლანის“ ლიდერებად სწორედ ლევან მურუსიძეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს ასახელებენ. ეს მოსამართლეები სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობას უარყოფენ.
მურუსიძის თქმით, გოგაშვილი მას დაკავების შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვამდე დაუკავშირდა და უთხრა, რომ თუ არ დაეხმარებოდა და არ გაათავისუფლებდნენ, „მაქსიმალურად მოახდენდა სასამართლოს დისკრედიტაციას“. როგორც მურუსიძემ აღნიშნა, მისთვის ამ თემაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან გოგაშვილთან 25 წლის ახლო ურთიერთობა აკავშირებს.
„როდესაც უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების საკითხი დადგა, ასევე მომივიდა შეტყობინება, რომ თუ არ ჩავერეოდი და არ უზრუნველვყოფდი, რომ ყადაღა არ ყოფილიყო გამოყენებული, გააკეთებდა საშინელ სიბინძურეებს და მოხდებოდა სასამართლო სისტემის საშინელი დისკრედიტაცია. შესაბამისად, მოაყოლა ერთი განცხადება, რომ, თითქოს, მიხეილ ჩინჩალაძე სუს-ის დახმარებით მოსამართლე [ბესარიონ] ალავიძეზე ახდენდა ზეწოლას. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მესამედ მოხდა ჩემზე შეტყობინება და ფაქტობრივად იმის აღიარება, რომ - „ხომ ხედავ, რომ დაწყებულია სასამართლოს დისკრედიტაცია? თუ თქვენ არ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს და არ დამეხმარებით, აღნიშნული დისკრედიტაცია გაგრძელდება და არნახულ მასშტაბს მიიღებს. შესაბამისად, მოხდება ისეთი ფაქტების დაბრალება, რომ სასამართლო სისტემა ვერანაირად ვერ გათეთრდება“. ამიტომ, გადავწყვიტე ეს პირველ რიგში თქვენთვის მეცნობებინა და შემდგომ ამასთან დაკავშირებით ვაპირებ რეაგირებას. ჩემი გარკვეული მტკიცებულებებით უახლოეს პერიოდში პროკურატურას მივმართავ“, - აღნიშნა მურუსიძემ.
22 სექტემბერს, სოსო გოგაშვილი ფეისბუკით გამოეხმაურა ლევან მურუსიძის განცხადებას:
„ლევან მურუსიძეს ვიცნობ 1995 წლიდან. იგი გავიცანი სახალხო პარტიის ვაკის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუმცა მას შემდეგ ურთიერთობა არ გვქონია. ურთიერთობა აღდგა მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან. ჩინჩალაძის მოთხოვნით კოორდინაცია დამყარდა სუს-თან და მთავარი საკონტაქტო პირები „ოცნების“ სასარგებლოდ დავების გადაწყვეტის ნაწილში ვიყავით მე და მურუსიძე.
ინტერესის სფერო არ იყო მხოლოდ საარჩევნო დავები. ნებისმიერი შეკვეთა, რაც პარტიიდან მოდიოდა, უნდა შეესრულებინათ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამსახურიდან ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან იგზავნებოდა ოპერატიული მასალაც მოსამართლეების შესახებ.
ჩვენი შეხვედრები იმართებოდა ჩემს საცხოვრებელ სახლში, დიღომში სასამართლოსთან და ასევე, იუსტიციის საბჭოსთან.
ასევე, ჩინჩალაძესა და მურუსიძეს, კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროში აქვთ 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, რომელიც შეიძინეს ჩემი დახმარებით 2016 წელს. ნაკვეთები გაფორმებულია მათ სანდო პირზე, ხოლო ამ მიწის მოვლაში მათ სჭირდებოდათ მცოდნე ადამიანი, ვისი მოძებნაც მე მთხოვეს. მე ეს ადამიანი მათ დავაკავშირე. 2016 წლიდან ჩემს დაკავებამდე, ისინი ჩემი დაცვის წევრის საშუალებით იყვნენ კავშირზე, იღებდნენ ინფორმაციას ჩემგან, თავის მხრიდან მიგზავნიდნენ მეც მოსამართლეების შესახებ, ვისი კონტროლიც აინტერესებდათ. ჩემი დაცვის წევრის საშუალებით აგზავნიდნენ მიწის დამუშავების თანხას. ეს თანხა ხან მურუსიძეს ნუცუბიძეზე მოჰქონდა ჩემს სახლში. როდესაც ხდებოდა მოსავლის (მარცვლეულის) აღება და რეალიზაცია, მათ ჩემი დაცვის წევრი რეალიზაციიდან მიღებულ თანხას, დაახლოებით 150 000 - 200 000 ლარს აწვდიდა ხან საცხოვრებელ სახლში ძეგვში, ხან სასამართლოსთან დიღომში, ზოგჯერ თანხის ასაღებად მურუსიძე თავად მოდიოდა ჩემთან სახლში. მოკლედ მურუსიძეს ჩემთან და ჩემი დაცვის წევრთან, სამხარაძესთან ჰქონდა აქტიური ურთიერთობა.
ჩემი დაკავების შემდეგ სამხარაძესა და მურუსიძეს შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც მან სამხარაძეს უთხრა, რომ ის და ჩინჩალაძე ყველაფერს ეცდებოდნენ, რომ ჩემი საქმე დაელაგებინათ. მე პასუხი დაგვიანებით, მაგრამ გავუგზავნე სამხარაძის საშუალებით, რომ მე ვაპირებდი ბინძური სისტემის მხილებას, ვისაუბრებდი სასამართლოზეც და მათ გადამალულ ქონებებზეც. ეხლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი“.
დღეს, მედიის ადვოკატირების კოალიციამ და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს მოუწოდეს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად.