სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი, ფოთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაშა რუხაია, რომელიც უკრაინაშიც იბრძოდა. რუხაიას 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„რატომ არის საქმე გრიფით „საიდუმლო“? იმიტომ, რომ მათ მიერვე დადგმული ზღაპრებია. სუს-ში წლების განმავლობაში არაერთხელ ვიყავი დაბარებული, თუნდაც ჭიკაიძის [შს მინისტრი 2013-15 წლებში - რედ.] დროს, როცა ამბობდნენ, „მაიდანს“ აპირებენო. ის საქმეც თაროზეა შემოდებული და ობი ჭამს.
ახლა ისევ მიბარებენ. ჩემთვის სასაცილოა ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილს პუტინისგან აქვს მიღებული დავალება, თან ეს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ, თითქოს, ამით მეომრებს დააშინებენ. ქართველი მებრძოლები ჩვენს ქვეყანას არ გადავატრიალებთ. გადავატრიალებთ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ბოროტ იმპერიას“, - თქვა რუხაიამ.
ლაშა რუხაია უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ რიგებში იბრძოდა და როგორც თავად ამბობს, უკვე ერთი წელია საქართველოში იმყოფება. მის გარდა, სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა გელა კახაბრიშვილი, ვაჟა ცეცაძე, ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე და კონსტანტინე ჯღამაია.
როგორც დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, იძიებენ „უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით არის აღძრული, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულებას გულისხმობს.
„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ფორმირების 300-მდე წევრზე, რომელთა უმეტესობა ახლა უკრაინაშია, საქართველოში ძებნა აქვთ გამოცხადებული. გამოცემა The Insider-თან ინტერვიუში მამულაშვილი გამოეხმაურა სუს-ში უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების დაბარებას და განაცხადა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მოელოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა „ქართული ლეგიონის“ წევრები ძებნილთა სიაში შეიყვანა. „ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა. რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ“, - მიიჩნევს მამუკა მამულაშვილი.
ოპოზიციის შეფასებით, „სახელმწიფო გადატრიალების“ შესახებ განცხადებებით ხელისუფლება ხალხის შეშინებას და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.