საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მეუღლეც არის, Facebook-ში წერს, რომ ყველამ, ვინც მის ქმარს მოღალატეს უწოდებს, სოციალურ ქსელებში მისი მეგობრების სია, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ნაცნობის სტატუსი დატოვოს. კობიაშვილი ერთ-ერთია იმ 78 პარლამენტარს შორის, რომელმაც „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ბოლო დღეების განმავლობაში წულეისკირს მოუწოდებდნენ, რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.
„ჩემი friend-ების საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარსობრივად ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია)!
ჩემი ქმარი - ლევან კობიაშვილი! როცა რაღაცას არ ვეთანხმებით შეგვიძლია უმწარესად ვიკამათოთ, გავბრაზდეთ, შევიგინოთ კიდეც გამწარებულზე, გავაპროტესტოთ, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, შევაფასოთ როგორც გვინდა კონკრეტული საქციელი, გავიდეთ მიტინგზე, მოვითხოვოთ რაც გვინდა და სხვა.
ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა - ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც.ქსელებში და ასევე, ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში. მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს!“, - წერს წულეისკირი.
თამარა წულეისკირი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. ცენტრი 18 წლის წინ დაფუძნდა და მისი მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავაა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ შეაფასა როგორც „შავი დღე“ საქართველოს დემოკრატიისთვის. საელჩო აცხადებდა, რომ კრემლისგან შთაგონებული კანონპროექტები აჩენდა რეალურ კითხვებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მმართველი პარტიის ერთგულებაზე. თბილისში დაწყებული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
კანონპროექტი „აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებდა იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ანიჭებდა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. მსგავსი კანონმდებლობა რუსეთში 2012 წლიდან მოქმედებს და დამოუკიდებელი მედიის ჩასახშობად გამოიყენება.