„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი საკრებულოს დღვანდელი სხდომიდან პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ავალიშვილი სხდომაზე ითხოვდა, საკრებულო დაინტერესებულიყო, რატომ იღებენ ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირები ღატაკებისთვის განკუთვნილ ფულად სოციალურ დახმარებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„რამდენიმე კვირის წინ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილებიდან გამოვითხოვე იმ საჯარო მოხელეების სია, ვინც საარსებო შემწეობას იღებს. სამსახურის უფროსმა კიაზო გამრეკელაშვილმა, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრია, ინფორმაციის მოწოდებაზე უარი მითხრა, კონფიდენციალურიაო. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისგან და საკრებულოს წევრებისგან მოვითხოვე, დაინტერესებულიყვნენ, რატომ იღებენ თანამდებობის პირები სოციალურ დახმარებას.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დავით კიკნაძეს აქვს 3000 ლარიანი ხელფასი. სხდომაზე მან თვითონ აღიარა, რომ მის ოჯახში სოციალურ დახმარებას იღებენ. კიკნაძე არ არის გამონაკლისი.
ამ დროს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არიან ოჯახები, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ და დახმარება არ აქვთ. ეს თემა ყველაზე აქტუალურია და ამის განხილვას ვითხოვდი სხდომაზე. პოლიცია გამოიძახეს, რომ დარბაზიდან გავეყვანე. ძალის ასეთი გამოყენებით უკვე მესამედ გამიყვანეს საკრებულოს სხდომიდან, რომ დარბაზში დარჩენილ უმრავლესობას კომფორტი ჰქონდეს“, - უთხრა თორნიკე ავალიშვილმა „საქართველოს ამბებს“.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ ადგილობრივი გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქტორს ლაურა გოგოლაძეს, რომელიც სხდომის ამ ნაწილს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, მოსთხოვა, გაშუქება შეეწყვიტა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ჟურნალისტს სხდომა პირდაპირ ეთერში რომ ეჩვენებინა, ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან საკრებულოს ეს საკითხი კენჭისყრაზე უნდა დაეყენებინა. „საქართველოს ამბებმა“ ხარაგაულის საკრებულოს აპარატიდან უკვე გამოითხოვა სამართლებრივი აქტები, რომელიც საკრებულოს სხდომაზე მედიის მუშაობას ზღუდავს.
„ჩემი ხარაგაულის“ ცნობით, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირებისას დავით კიკნაძემ თქვა, რომ ფულად სოციალურ დახმარებას მისი შვილები იღებენ, მაგრამ „საჯარო მოხელე თვითონაა და არა მისი შვილები“. ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 3 410 ლარია.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ „საქართველოს ამბებთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ მისი ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობენ, ნამდვილად იღებენ ფულად სოციალურ დახმარებას. კიკნაძემ ჩვენს სხვა კითხვებს აღარ უპასუხა.
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, დავით კიკნაძის მეუღლე ია ტაბატაძეც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს ფინანსისტად. მათ სამი შვილი ჰყავთ. დავით კიკნაძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო და მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, განათლებისა და კულტურის კომისიას ხელმძღვანელობდა. კომისიის თავმჯდომარეობა ანაზღაურებადი საქმიანობაა, თუმცა კიკნაძე დეკლარაციაში არ უთითებს რა შემოსავალი მიიღო ხელფასის სახით გასული წლის განმავლობაში. დავით კიკნაძის დეკლარაციაში სხვა შეუსაბამობებიც არის. ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი და დარღვევების აღმოჩენისას თანამდებობის პირთა დაჯარიმება საჯარო სამსახურის ბიუროს მოვალეობაა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობას იღებს მოსახლეობის 39.2 % (7636 ადამიანი). საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობით პირველ ადგილზეა მესტიის რაიონი (73.5 %); მეორე ადგილზეა ლენტეხის რაიონი (51.0), მესამეზე ონის რაიონი (49.5 %). მესტიის მუნიციპალიტეტში ფულადი დახმარება დანიშნული აქვთ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს, ისეთ პირებსაც კი, ვინც ტენდერებს იგებენ, სახერხი საამქროები, საოჯახო სასტუმროები და სხვა კომერციული ობიექტები აქვთ.