პრორუსული პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდების მოწოდება უნდა გაითვალისწინოს და რუსული კანონი უკან გაიწვიოს. როგორც ის ამბობს, ამ კანონის საჭიროება მისთვის გაუგებარია, რადგან, „დღევანდელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის გაკონტროლების საშუალებას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„თუ რაიმე გაკლია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თუ გინდა, რომ დეკლარაცია იყოს უფრო დეტალური, ამისათვის საკმარისია დეკლარაციის შესახებ კანონში ჩაწერო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაცია იყოს უფრო დახვეწილი. ამასაც არ აკეთებენ, ანუ ახალი კანონი რა საჭიროა, არავის არ ესმის“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ კანონი ყველას ეხება, რაც არასწორია.
„საქართველოში 35 ათასი არასამთავრობო არისო, „ქართული ოცნება“ ამბობს და იქიდან 25 ათასი დასავლეთიდან, საზღვარგარეთიდან იღებს დაფინანსებასო. შეიძლება, მართლა ასეა, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ამათი უმრავლესობა ეკოლოგიური არასამთავრობო ორაგიზაციები არიან, ან ჯანდაცვის, ან სოფლის მეურნეობის, ან დაზღვევის ან მილიონი სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, სამეცნიერო. თუ საინტერესოა პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები, მაშინ კანონმა უნდა განსაზღვროს, რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ სფეროში მოღვაწეობს.
კარგი კანონიც რომ იყოს, თუკი ხედავ რომ ამდენი ხალხი მის წინააღმდეგაა.... დაახლოებით 20-22 ათასი ახალგაზრდა კაცი იყო გამოსული. იმის ფიქრი, რომ ეს ხალხი ყველა მიშა სააკაშვილის ან „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა, არის სისულელე. ჩვენც ვუყურებდით, ჩვენც ვაკვირდებოდით, ჩვენი ხალხიც იქ იყო. ჩვენ დავინახეთ, რომ სადაც მელია, გვარამია ან რომელიმე სხვა იდგა, ახალგაზრდობა ერიდებოდა, ცალკე იდგნენ.
20 ათასი ახალგაზრდა მომხრე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს. ეს ხალხი სულ არ არის „ნაცმოძრაობის“ მომხრე. ეს არის ახალგაზრდა ხალხი. იქ შეიძლება, 1000 და 2000 კაცი არის ნაცმოძრაობის მომხრე, დანარჩენები არ არიან. ამათ მართლა არ უნდათ. დაარწმუნეს ისინი, რომ ეს კანონი არის ცუდი, არის რუსული. ჩემი აზრით, ეს კანონი საერთოდ არ არის საჭირო. ესენი ითხოვენ, რომ არ გვინდა კანონი და რა არის ასეთი ძნელი 25 ათასი ახალგაზრდა, თუ 22 ათასი, გინდაც 20 ათასი რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს. რა საჭიროა, რატომ ვძაბავთ ურთიერთობებს.
ის, რომ ამდენი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, ნიშნავს, რომ შეიძლება ისე არ ეზიზღებათ, როგორც სააკაშვილი სძულთ, მაგრამ, „ქართული ოცნებაც“ ეზიზღება ხალხს. „ქართულ ოცნებას“ ამის მიღება და გაცნობიერება არ უნდა“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.
2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 17 აპრილს, პარლამენტის 83 წევრმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
ორი კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტთან, ყოველდღე იმართება. ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ მართავს პარლამენტის შენობის წინ. აქციაში მონაწილეობას ავალდებულებენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს. 29 აპრილსვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტი „ქართული ოცნების“ რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს.