თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს

თბილისში, ვარკეთილში, თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე შენობებიდან ოჯახების, მათ შორის დევნილების იძულებით გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს. აღსრულების პოლიციის გარდა, ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც იმყოფებიან. ზოგიერთი ადგილობრივი ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სამ-სამი შვილით ქუჩაში ვრჩები, სად წავიყვანო შვილები?! არსად წასასვლელი არ გვაქვს. არაფერი საშიშროება არ არის, მოიყვანეს ექსპერტი? გვაჩვენეს რამე? არ არის ავარიული კორპუსი“, - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით, თბილისის მერიამ მათ სამი თვით ქირით გაყვანა და ქირისთვის 300 ლარის გადახდა შესთავაზა:

„სამი თვის შემდეგ ისევ ქუიჩაში აღმოვჩნდებით. ეს ხომ ლიგიკურია?! საუბარი იყო მხოლოდ სამასლარიან ქირაზე, ისიც სამი თვით, სხვა არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა“.

„კაციშვილი არ მოსულა ჩვენთან, არავინ შეგვხვედრია. გვიჭირს, გვილხინს, ვკვდებით თუ ვრჩებით, მართლა ყაჩაღები ვართ თუ მშრომელი ხალხი - არავინ მოსულა ჩვენთან“;

„მითუმეტეს, სოციალურად დაუცველები ვართ.. კალაძე სად არის? მოვიდეს, დაგველაპარაკოს... სოციალურად დაუცველებს სახლიდან გვყრიან“;

„ავარიული ეს შენობა იყო მაშინ, რომცა კომუნისტური წყობა დაიშალა და ლარის საფასურად გაიყიდა. ზუსტად მაშინ ამბობდა ექსპერტიზა, რომ იყო ავარიული, რათა ლარად შესყიდულიყო. ეს კარგად ვიცით ძველმა თაობამ. ეს აქვთ ახლა ხელმოსაჭიდი და ის, რაც „ვაგზალზე“ მოხდა“;

აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, ხუთი შენობა-ნაგებობა შავი კარკასის მდგომარეობაშია, სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.

„ამას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება“, - აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად, „მხარეთა შორის მორიგების, მათი ინტერესების სრულყოფილად დაცვის მიზნით“, გამოსახლების პროცესი უკვე ორჯერ გადადაიდო.

შენობებში ასზე მეტი ოჯახის ცხოვრობს. როგორც აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს, დევნილის სტატუსი 58 პირს აქვს:

„აქედან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან დაკმაყოფილებულია - 24 პირი, ბინის მიღებისა და სოფლად სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს - 29 პირს, მათ შორს 6 პირს უკვე ეთქვა დადებითი პასუხი, შეთავაზებები უკვე მიიღო მისამართზე რეალურად მცხოვრები 39 ოჯახიდან ნაწილმა. ხოლო 53 ოჯახს დაკავებული აქვს ფართები, თუმცა მისამართზე არ ცხოვრობენ. მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყეს სარემონტო სამუშაოები, რათა შემდგომ მიზანმიმართულად მოეთხოვათ კომპენსაცია“.

გამოსახლების თაობაზე სასამართლოს შენობების მეპატრონემ, კომპანია „ბლექ სი ფროფერთიმ“ მიმართა.

აღსრულების ეროვნული ბიურო „უკანონოდ შეჭრილ პირებს“ მოუწოდებს, შენობები დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიურო „ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება და კანონის უზენაესობის პრინციპი“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.