თბილისში უკრაინის მიმართ სოლიდარობის მრავალათასიანი აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რადიო თავისუფლების ფოტო

24 თებერვალს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით მრავალათასიანი სოლიდარობის აქცია „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ გაიმართა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 „ერთადერთი, რისი თქმაც მინდა, არის ძაან დიდი მადლობა, იმიტომ, რომ აქ მოხვედით. 24 თებერვალი უკვე არის პრინციპული, ისტორიული თარიღი. ჩვენ თვალწინ სამყარო გაიყო ორად. ერთ მხარეს არის ნათელი და მეორე მხარეს არის სიბნელე. ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ სამ დღეში კიევი დაეცემოდა. კიევი თუ დაეცემოდა, გასაგებია რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას. დავკარგავდით ძალიან, ძალიან მაღალი ალბათობით, ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს - დამოუკიდებლობას, რასაც თაობებმა შესწირეს სიცოცხლე. უამრავი სისხლი გვაქვს ამისთვის დაღვრილი. მერე მოხდა სასწაული. ის, რასაც ჩვენ ერთი წელია ვუყურებთ, არის რეალური სასწაული. „ლაივში“ ვუყურებთ, უკრაინელები, რას აკეთებენ. გააჩერეს ეს ბოროტების იმპერია. ძალიან ცხადი ხაზი გაივლო, სად არის მორალი და სად ამორალურობა. სად არის თეთრი, სად არის შავი. ის, რომ თქვენ დღეს აქ ხართ, ეს არის დასტური იმის, რომ თქვენ არ გჭირდებათ ამის ახსნა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

დემონსტრანტებს მიმართა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემაც. მან თქვა, რომ ამ აქციით საქართველოს მოქალაქეებმა ცივილიზებულ სამყაროს გაუგზავნეს გზავნილი, სად დგას საქართველო - რომ ის იმსახურებს ევროკავშირსაც და ნატოსაც.

„ჩვენი მთავარი მიზანია არ მივცეთ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“, აგვაცდინოს ევროინტეგრაციის გზას და მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. სწორედ ამ საკითხისთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შეკრება, მაგრამ ამის მისაღწევად ეს საკმარისი არ არის. ეროვნული ენერგია სჭირდება საქართველოს. ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ მიიღწევა, ისევ დაგვჭირდება შეკრებები, ერთიანი, კოორდინირებული და გაბედული ქმედებები“. ვაშაძემ ჩამოთვალა ის აქტივობები, რასაც მომდევნო თვეებში გეგმავენ:

  • პირდაპირ დავიწყოთ საუბარი და მოლაპარაკებები დასავლეთთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
  • გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და დავუდგეთ გვერდში ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაგრავს არსებული სისტემა.
  • ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად იმისთვის, რომ წლის ბოლოს მოვიპოვოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ჩვენთვის.
  • ყველა ეს ქმედება განვახორციელოთ ერთად, სწორედ ისე, როგორც გავაკეთეთ დღევანდელი დღე.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისა და მათ მიმართ სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. კლიჩკოს თქმით, ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, რა არის რუსეთის აგრესია და როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას.

„ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენ გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. პატივს ვცემ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის.

დარწმუნებული ვარ, უკრაინა და საქართველოც, რომლის ხალხის დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვის, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს ხელს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი. დღეს ჩვენ ასე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ჩვენს გმირებს!“ - აღნიშნა კლიჩკომ ვიდეომიმართვაში.

აქცია საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნებით დასრულდა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი შესრულდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის შესახებ 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას განაცხადა. მან ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა, რომლის მიზნად უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია დაასახელა. სექტემბრის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის დროებით ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა, შემდეგ კი ეს ოლქები რუსეთის ტერიტორიულ სუბიექტებად გამოაცხადა. ნოემბერის დასაწყისში უკრაინელებმა ხერსონზე კონტროლი დაიბრუნეს. 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 54% გაათავისუფლა და წლის ბოლოსთვის რუსეთი უკრაინის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს აკონტროლებდა.

როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, ეს იყო გამძლეობის, ზრუნვის, გამბედაობის, ტკივილის, იმედის, ამტანობის, ერთიანობის და უძლეველობის წელი, რომლის მთავარი შედეგი ის არის, რომ უკრაინამ გაუძლო და არ დამარცხებულა. ზელენსკის თქმით, მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2023 წელს გაიმარჯვოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).