თქვენ გვერდით ვარ, რადგან თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიმართა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის მიერ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონპროექტის მხარდაჭერას აპროტესტებენ. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ მე აქ, ნიუ იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა. რისთვისაც დღემდე მოვედით.

მე ვარ თქვენ გვერდით, რადგან დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის არ მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი.

ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს, ყველას. ეს მომავალი არის ის, რასაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის არ აქვს უფლება, რომ დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით.

ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ. არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს. პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა. არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება. მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი.

მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირში, ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპისგან.

მივმართავ ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, აქ, ამერიკაში – ჩვენ რას ვიცავთ, ან თქვენ რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს.

ჩვენ, ყველა ერთად, ახალგზარდები, ვინც იქ ხართ, მე აქ, როცა ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ვამბობთ ერთსა და იმავეს, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელის აზრია, ჩამოგვაშოროს ევროპას. ჩვენ, ყველანი, ერთად ვართ დღეს, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, რადგან ეს პირობა მე ჩემს თავს დავუდე დიდი ხნის წინ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

7 მარტს, პარლამენტმა, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დიდი ნაწილისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა პარლამენტის წინ შეკრებილი მრავალათასიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. მოქალაქეები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე დღეა პარლამენტთან „რუსული კანონის“ მიღების წინააღმდეგ აქციებს მართავენ. პროტესტი კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ გამწვავდა.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი 2012 წლიდან რუსეთის ფედერაციაში მოქმედებს და გამოიყენება დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის გასაჩუმებლად. 2022 წელს ადამიანის უფლებთა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული კანონი არღვევს ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ გაერთიანების უფლებას. სასამართლომ თქვა, რომ საერთაშორისო ან უცხოური წყაროებიდან დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ არის გამართლებული და შეზღუდვები წარმოადგენს ჩარევას მათ ლეგიტიმურ ფუნქციებში.

საქართველოს პარლამენტს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების გადახედვისა და უკან გახმობისკენ მოუწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ეს კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

 

ამ თემაზე:

დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა - აშშ-ის საელჩო

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).