ტრაგედია, რომელიც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში - დავითაშვილი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს, გავაკეთოთ და გვაქვს ან გვექნება მომავალში, შეიძლება მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ. ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არავინ არის“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავითაშვილმა განმარტა მის მიერ 2018 წელს, ჭუბერის სტიქიის დროს, გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ „2-3 წელიწადში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა“ გვექნებოდა. მისი ეს განცხადება აქტუალური შოვში მომხდარი ღვარცოფის შემდეგ გახდა.

„როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, თავს მოვალედ ვთვლი, საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, რა სამუშაოები ჩატარდა სახელმწიფოს მხრიდან 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და გაძლიერების კუთხით და რამდენად ვიყავით პირნათელი საზოგადოებასთან“, - განაცხადა დავითაშვილმა. მისი თქმით, 2018 წლიდან მოყოლებული ქვეყანამ ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელიც უკავშირდებოდა მთლიანად გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას.

„ყოველწლიურად გამოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფო უწყებებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, შემდეგი პროექტების დაგეგმვის თვალსაზრისითაც. საქართველოში 2014 წლისთვის ჩვენ დავინახეთ, რომ ფაქტობრივად, ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტად იყო. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში გვქონდა ათეულობით მონიტორინგის სადგური და ჩვენ დაგვხვდა არცერთი. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არცერთი თანამშრომელი ამაზე აღარ იყო პასუხისმგებელი. 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ, შევიძინეთ და დაიწყო მისი მონტაჟი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, უკვე დავაკვირდეთ წყლის მატებას. ასევე, მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც ამინდის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას და ეს გვაძლევს საშუალებას, განვჭვრიტოთ და გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ და გვქონდეს ამაზე რეაგირება.

ჩვენთან, საქართველოში ათასობით მდინარეა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად. გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს და ჩვენ შევაფასეთ ასეთი 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს, მაგრამ იცით, რომ შოვში, მაგალითად, იგივე ჩვენი ანალიზის შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, წარმოუდგენელი იყო გათვლა და ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც გვექნებოდა განსაკუთრებული დაკვირვების უბანი.

თუმცა, აქაც წყლის ზომები იყო და ჩვენ, როდესაც ვაკეთებთ ანალიზს, მათ შორის ამ მონაცემებზე დაყოვნებით ხდება იმ მდგომარეობის აღდგენა და შეფასება, თუ რასთან გვქონდა საქმე სტიქიური მოვლენის დროს.

ასევე, საქართველოში ჩვენ შევიძინეთ ორი თანამედროვე რადარი და დღეს სამი თანამედროვე რადარი მუშაობს, ესეც ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომელთაც საქართველოს მთელი ტერიტორია, მეტეოროლოგიური კუთხით, დაფარულია. ათეულობით მილიონი ინვესტიცია აქაც არის ჩადებული. 11 მდინარის აუზში ჩავატარეთ ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე გაკეთებულია რუკები. ისე რომ, ჩვენ როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი, ამას ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა, მათ შორის, ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემების გაძლიერება მომხდარიყო და ყოფილიყო მონიტორინგის საშუალება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ღრმა მწუხარებით, რომ სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება, ჩვენ უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და ასეც მოხდა. ჩვენ მივიღეთ ადამიანების მსხვერპლი, ამას ვერაფერი გამოასწორებს. ტრაგედიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ის, რომ სპეკულირება მოხდეს ასეთი თემებით, ვფიქრობ, ყოვლად არამორალური, უპასუხისმგებლოა და ამაზე უნდა გამეკეთებინა განცხადება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაჭაში 3 აგვისტოს მოვარდნილმა ღვარცოფმა თითქმის მთლიანად გაანადგურა კურორტი შოვი და სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, მსხვერპლის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.