ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაიცვალა „ხელვაჩაურის წყლის“ ყოფილი დირექტორი, 68 წლის ვლადიმერ მიქელაძე, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 520 ათასი ლარის მითვისებისთვის იყო მსჯავრდებული. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა 6 ივლისს მიუსაჯა. ადვოკატის ინფორმაციით, მიქელაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ხშირად გადაჰყავდათ სამედიცინო დაწესებულებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
ვლადიმერ მიქელაძე შპს „ხელვაჩაურის წყალს“ 2019-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიქელაძე მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც თითქოს ისინი წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდათ, რასაც დირექტორი მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა.
ვლადიმერ მიქელაძემ სასამართლოში საქმის განხილვისას ხელვაჩაურის ყოფილი მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ამხილა და თქვა, რომ 520 ათასიდან 288 ათასი ლარი ვარდმანიძეს ხელზე გადასცა.
„2019 წელს თვეში ვაძლევდი 7 ათას ლარს, 2020 წელს ყოველთვიურად 8 ათას ლარს, 2021 წელს თვეში 9 ათას ლარს. ...კაბინეტში ვაძლევდი, იქ, კაბინეტის უკან პატარა ოთახია – მოსაცდელი კაბინეტი და იქ ვაძლევდი. ფულის გადაცემის დროს მანიშნებდა და საპირფარეშოს კართან ვაძლევდი.
იყო შემთხვევები, როცა მასთან, სახლში მიმიტანია ეს ფული. მეტყოდა, როდის იქნებოდა სახლში და მივიდოდი. ასევე, მაწვდიდნენ პასპორტის რაღაც ნომერს და იქ ვრიცხავდი ხან 300 ლარს, ხან 350 ლარს, 400 ლარს, 500 ლარს. მირეკავდნენ თბილისიდან, ამ ნომერზე უნდა ჩარიცხო თანხა. მერი არ რეკავდა, მისი თანმხლები პირი მირეკავდა“, - უთხრა მოსამართლეს მიქელაძემ, რომლის ჩვენებაც „ბათუმელებმა“ გაავრცელა. ბრალდების გახმაურების შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძემ აჭარის განათლების მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ყოფილი მერი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიუციათ.