ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს მოქალაქეებს, დაახლოებით ორი კვირის წინ უკანონოდ დაკავებულ ვანო ჯაფიაშვილსა და ალექსი მამულიას. მამულია ექიმია და წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში, მათ შორის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ოტორინოლარინგოლოგად მუშაობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრესსამსახურის უფროსის, ეკატერინა ბიაზროვას განცხადების მიხედვით, ისინი ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდნენ 25 წლის ვლადიმერ მამარდაშვილს, რომელმაც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომიდან გამოიქცა.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურთან თანამშრომლობით, აღკვეთა საქართველოს, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მოქალაქეების ჯგუფის მცდელობა, სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე მოეწყოთ უკანონო გადაადგილების არხი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის, 1999 წელს დაბადებული ვლადიმერ ანზორის ძე მამარდაშვილის გადასაყვანად, რომელიც დეზერტირდა სპეცოპერაციის ზონიდან“, - განაცხადა ბიაზროვამ.
მისივე თქმით, დადგინდა, რომ 23 დეკემბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჯგუფი მამარდაშვილს დაეხმარა ცხინვალში ჩასვლაში, კერძო სასტუმროში განთავსებასა და 24 დეკემბერს ე.წ. საზღვართან მიყვანაში.
„საზღვართან მამარდაშვილს ელოდნენ საქართველოს მოქალაქეები - 1972 წელს დაბადებული ალექსი ზაურის ძე მამულია და 1974 წელს დაბადებული ვანო შოთას ძე ჯაფიაშვილი, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოდან უკანონოდ გადავიდნენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და დეზერტირებულ სამხედროსთან ერთად უკან დაბრუნებას იმავე მარშრუტით გეგმავდნენ. დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას მამარდაშვილი, მამულია და ჯაფიაშვილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ორგანოებმა იმავე დღეს დააკავეს“, - აღნიშნა ეკატერინა ბიაზროვამ.
მამულიასთან და ჯაფიაშვილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ვლადიმერ მამარდაშვილს, ეკატერინა ბიაზროვას თქმით, ის რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზთან ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია 26 დეკემბერს გაავრცელა. როგორც სუს-ში განაცხადეს, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ქვემო ნიქოზი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ვანო ჯაფიაშვილი ოჯახთან ერთად მის მოსაზღვრე სოფელ ფხვენისში ცხოვრობს.
