ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ქალაქ ცხინვალის ძველ ნაწილში XIX საუკუნის დასასრულს აგებული ხიდის დანგრევას და მის ადგილზე ახლის აშენებას გეგმავს. ე.წ. მთავრობის თავმჯდომარის, კონსტანტინ ჯუსოევის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. მისივე თქმით, კრიტიკული დეფორმაციის გამო, ხიდის აღდგენა ან რეკონსტრუქცია არ განიხილება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ძველი ხიდის უსაფრთხოების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენ ხელმეორედ მოვიწვიეთ სპეციალისტები, რომლებმაც ჩაატარეს ექსპერტიზა ხიდის კონსტრუქციის ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით. ექსპერტიზის დასკვნით, ის გამოუსადეგარია შემდგომი ექსპლუატაციისთვის“, - თქვა კონსტანტინ ჯუსოევმა სექტემბრის ბოლოს გამართულ ე.წ. მთავრობის სხდომაზე.
ახალი ხიდის მშენებლობა 2020-2022 წლების „საინვესტიციო პროგრამით“ არის გათვალისიწნებული. რუსეთის ფედერაციამ მშენებლობისთვის 147 მილიონი რუბლი გამოყო. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ახალი ხიდი ვიზუალურად ძველის მსგავსი იქნება.
ისტორიული ხიდის დანგრევას მოწინააღმდეგეები ჰყავს. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ე.წ. კულტურის სამინისტროს არქიტექტურული ძეგლების დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი ლარისა ბაგაევა და ამ თანამდებობაზე მისი წინამორბედი ნელი ტაბუევა. მათი ინფორმაციით, არსებობს მოწვეული რესტავრატორების დასკვნა იმის შესახებ, რომ ხიდის რესტავრაცია შესაძლებელია. ცხინვალის ისტორიული იერსახის შენარჩუნებაში ძველი ხიდის მნიშვნელობის შესახებ ბაგაევამ აგვისტოს ბოლოს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ბაგაევა აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ხიდი სახელმწიფოს მიერ დაცული ძეგლების რეესტრში იყო შეტანილი, რასაც ე.წ. მშენებლობის მინისტრი ედუარდ ძაგოევი შეეწინააღმდეგა და ახსენა დე ფაქტო პროკურატურის 2021 წლის დადგენილება რეესტრის მომზადებისას გამოვლენილი კანონდარღვევების შესახებ.
ცხინვალის მცხოვრებლებმა ხიდის დანგრევის წინააღმდეგ მცირე საპროტესტო აქცია გამართეს. გარდა ამისა, მათ დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს წერილით მიმართეს, სადაც წერენ, რომ ძველი ხიდის დანგრევასთან ერთად, ერთხელ და სამუდამოდ გაქრება კავშირი წარსულთან:
„არ შეიძლება გავანადგუროთ ის მცირედი, რაც ყველა ომის შემდეგ დარჩა; გავანადგუროთ ის, რაც ვერ გაანადგურეს ქართველებმა. არ შეიძლება საკუთარი ფესვების მოჭრა. არ მისცეთ ისტორიის განადგურების ნება. თქვენ, როგორც სახელმწიფოს მეთაურს შეგიძლიათ ამის გაკეთება. დადექით ხალხის გვერდით“.
ხიდის დანგრევის მოწინააღმდეგეები ემხრობიან იდეას, რომ ის საფეხმავლო გახდეს, საინვესტიციო პროგრამით გამოყოფილი თანხა კი სხვა ადგილას ხიდის აშენებაზე დაიხარჯოს.
მდინარე ლიახვის ნაპირების შემაერთებელი ხიდი 1898 წელს აშენდა, ხოლო 1903-10 წლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. გაზეთმა „ივერიამ“ 1898 წლის 21 ივლისს გამოაქვეყნა რედაქციის მიმართ წერილი, სადაც ვკითხულობთ, რომ ცხინვალის სასოფლო საზოგადოებას ხიდის შესაკეთებლად თანხა, ფიცარი და ხე სხვადასხვა სოფლის საზოგადოებამ და კერძო კაცებმა შესწირეს. წერილში შემწირველთა გვარ-სახელები და შეწირულების რაოდენობაა ჩამოთვლილი.