პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ წინაპირობებს - რეკომენდაციებს ივნისის ბოლომდე შეასრულებს, თუმცა შესასრულებელი დარჩება მთავარი, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით, პირნათლად შესრულება ხელისუფლების ამოცანა იყო და დღესაც არის.
„ჩვენ დაახლოებით ივნისის ბოლომდე დავასრულებთ ყველა ამ პროცესს, მაგრამ, რჩება მთავარი... მანამდე შეგახსენებთ, რომ დესტრუქციულ, გაკოტრებულ ოპოზიციას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ჩვენ შევქმენით. არავითარი. რჩება ერთადერთი - ეს არის პოლარიზაციის დასრულება, რომელზეც მე მაქვს ჩემი პოზიცია და რომელიც მე საჯაროდ ვთქვი, მათ შორის, ამ საერთაშორისო პლატფორმებზე.
მე ვთქვი, რომ თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, კოლეგებს, ჩვენს ნამდვილ მეგობრებს სურთ პოლარიზაციის დასრულება, ან როგორც მინიმუმ მისი განახევრება და მინიმუმზე დაყვანა, შემცირება, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 30 აპრილის მდგომარეობით, სრულად არის შესრულებული ევროკავშირის მხოლოდ ერთი რეკომენდაცია, დიდ წილად შესრულებულია ორი, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი და შესასრულებელია ხუთი. შესასრულებელ რეკომენდაციებს შორისაა დეპოლარიზაცია, რაც გულისხმობს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრას პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით.
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლარიზაციის გამომწვევ ფაქტორებს შორის ასახელებენ „ქართული ოცნების“ თავდასხმებს პოლიტიკური ოპონენტებზე, კრიტიკული მედიასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკას, ოპოზიციური ძალების „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად“, ხოლო კრიტიკოსების „ომის პარტიად“ მოხსენიება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პოლარიზაციას უწყობს ხელს ის, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ხშირად „რუსეთის მონებს“ და „მოღალატეებს“ უწოდებს და ყველა ოპოზიციური პარტია არ იყო ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავებისთვის პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.
დანარჩენი ოთხი შეუსრულებელი რეკომენდაცია სასამართლოს, დეოლიგარქიზაციას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ეხება.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამასთან, ევროკომისიამ სამივე ქვეყანას, გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად რეკომენდაციები განუსაზღვრა.
ევროკავშირი მზად არის, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ის 12 რეკომენდაციას/პრიორიტეტს შეასრულებს. ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკუთარ შეფასებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოამზადებს და რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. სრულუფლებიან წევრობაზე ფორმალური მოლაპარაკებების პროცესი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იწყება.