„ძალიან მაგარია, აი, ძალიან მაგარი! ამაზე მაგარი ბევრი რამ არ შეიძლება იყოს“, - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ასე შეაფასა ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
მადურო, რომელმაც რამდენიმე თვის წინ სადავო არჩევნების შედეგად მესამედ დაიკავა ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობა, რუსეთის მოკავშირეა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარებს. მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში „სამაგალითო, ბრწყინვალე“ გამარჯვება მოიპოვა.
„ეს არის ძალიან კარგი. რატომ, იცით? თუ მან, ადამიანმა, რომელმაც „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი აღიარა - ცოტა მაინც დაინახა რეალობა, რომ აქ არაფერი არ მომხდარა, იმ რეალობასაც დაინახავს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ყოფილა და ძალიან მაგარია. არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმატებაა, ჩემი აზრით. თუ მადურომ ის დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და პრობლემები არ აქვს ამ ქვეყანასთან, ხვალ დიდი შანსია, რომ აღიარება უკან წაიღოს“, - განაცხადა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე.
მადუროს გარდა, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და ჩინეთმა მიულოცეს.
ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლიდან. ის ხელახლა არჩეულად 28 ივლისს ჩატარებული არჩევნების შედეგად გამოცხადდა ისე, რომ ვენესუელის მთავრობას მისი გამარჯვების დასადასტურებლად კენჭისყრის დეტალური შედეგები არ გამოუქვეყნებია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა გაიმარჯვა, რომელსაც დამოუკიდებელი ეგზიტპოლების მიხედვით, დაახლოებით, 65%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. მადუროს წინააღმდეგ კარაკასის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო გამოსვლების დარბევის დროს, სულ მცირე, 2000 ადამიანი დააკავეს, გონსალესი კი ესპანეთში გაიქცა. მადურომ პროტესტს გადატრიალების მცდელობა უწოდა, რომელიც მისივე თქმით, „ფაშისტური და კონტრრევოლუციური ძალების“ მიერ უცხოეთის წაქეზებით განხორციელდა. არჩევნების შედეგები არ უღიარებია არც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და არც ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობას, ასევე, ევროკავშირს.
