თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, თურქეთის მხარეს დაღუპულია სულ მცირე 31 974 ადამიანი, ხოლო სირიის ტერიტორიაზე - 5814.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან, სადაც ათი პროვინცია დაზარალდა, 195 962 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 81 000 დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი. მაშველებმა ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ერისთვის, თავიანთი ჯგუფებით გვეხმარებიან სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში და ლოცვებში არ გვივიწყებენ. თურქეთი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშე დგას არა მხოლოდ თავის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში, არასოდეს დაივიწყებს მეგობრობას, რომელიც თქვენ აჩვენეთ ამ ძნელ დღეებში“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის ხელისუფლებამ ათასობით შენობის ნგრევასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელების, ინჟინრებისა და არქიტექტორების დაკავება დაიწყო. ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის თქმით, იდენტიფიცირებულია 131 ეჭვმიტანილი.
„მათგან 113-ზე დაკავების ორდერია გამოცემული. ჩვენ ამას ზედმიწევნით მივყვებით, ვიდრე სასამართლო პროცესი არ დასრულდება, განსაკუთრებით შენობებზე, რომლებიც ძალიან დაზიანდა და შენობებზე, რომლებმაც სიკვდილი გამოიწვია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 12 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან ცნობილი დეველოპერები, რომელთა მიერ აშენებული მაღალსართულიანი კორპუსები გაზიანთეფში, ადანაში, ადიამანსა და ჰატაის პროვინციებში დაინგრა. Times-ის ინფორმაციით, ორი კონტრაქტორი სტამბოლის აეროპორტში დააკავეს იმ დროს, როდესაც საქართველოში გამგზავრებას აპირებდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში, ჰანს კლუგემ, 6 თებერვლის მიწისძვრებს ბოლო 100 წლის განმავლობაში რეგიონში მომხდარი „ყველაზე საშინელი ბუნებრივი კატასტროფა“ უწოდა.
გაეროს შეფასებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საბოლოო რიცხვი სავარაუდოდ გაორმაგდება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ 800 000-ზე მეტი ადამიანი სრულფასოვანი კვების გარეშეა დარჩენილი. სურსათის მარაგი იწურება როგორც თურქეთში, ისე სირიაში. მიმდინარე კვირაში ორივე ქვეყანაში ჰაერის დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, რაც დამატებით სირთულეებს შეუქმნის როგორც მაშველებს, ისე მიწისძვრის გამო უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, პირველი, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას, 4:17 საათზე მოხდა. იმავე დღეს მას 7.6 მაგნიტუდა სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა. რეგიონში სულ 2724 ე.წ. აფთერშოკი დაფიქსირდა.
