თურქეთში ხმების დათვლის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ხმების 50%-ზე მეტს, რაც პირველივე ტურში გამარჯვებისთვის არის საჭირო, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვერ აგროვებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, საარჩევნო ყუთების 99.31%-ის დათვლის შემდეგ, ერდოღანს 49.41% აქვს, ხოლო მის მთავარ კონკურენტს, ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს - 44.96%.
გამთენიისას, ანკარაში, მხარდამჭერების წინაშე გამოსვლის დროს, ერდოღანმა თქვა, რომ არჩევნებში, მისი შედეგების მიუხედავად, თურქეთმა და მისმა ხალხმა გაიმარჯვა.
„14 მაისი ამომრჩეველთა აქტივობის მხრივ ერთ-ერთი რეკორდული იყო ჩვენი ქვეყნის არჩევნების ისტორიაში. მთელი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ჩვენ პატივისცემას ვიჩენდით ხალხის ნების მიმართ. პატივს ვცემთ ამომრჩეველთა აზრს ამ და ყველა მომდევნო არჩევნებშიც. ხმებს შორის სხვაობა ჩვენს სასარგებლოდ დაახლოებით 2.6 მილიონია, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა პირველ ტურში გამარჯვების, მაგრამ თუ ხალხმა მეორე ტურის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, მზად ვართ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა ერდოღანმა.
„თუ ხალხი იტყვის, რომ მეორე ტური იქნება, ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს. საზოგადოებაში ცვლილებების სურვილი 50%-ზე მეტია“, - უთხრა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ჟურნალისტებს.
14 მაისს თურქეთის საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართა. წინასწარი შედეგებით, ლიდერობს ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“. მეორე ადგილზეა „თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია“, რომლის თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლუა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანას ორი ათწლეულია მართავს. 2003-2014 წლებში ის პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო 2014 წლიდან პრეზიდენტია.
74 წლის ქემალ ქილიჩდაროღლუ თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელი მამის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ 100 წლის წინ ჩამოყალიბებულ პარტიას 2010 წლიდან ხელმძღვანელობს. ის საპრეზიდენტო კანდიდატად რესპუბლიკურმა პარტიამ და ექვსი პარტიისგან შექმნილმა ნაციონალური ალიანსის ბლოკმა წარადგინეს. რამდენიმე დღის წინ ქილიჩდაროღლუმ რუსეთის ხელისუფლება საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში დაადანაშაულა, რაც კრემლმა უარყო.
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს პარტიას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახა, ან 100 000 ამომრჩეველს. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, მაგრამ თუ ხმების უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის მეორე ტური იმართება. წელს მეორე ტური 28 მაისს არის მოსალოდნელი.
საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ტარდება. ამომრჩევლები 600-წევრიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ წარმომადგენლებს პროპორციული სისტემით ირჩევენ.