საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას და ცენზურის შემოღებას ითვალისწინებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
პაპუაშვილმა გააკრიტიკა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ჰომოფობიური კანონის ხელმოწერაზე უარი თქვა.
„სიმბოლურია, რომ უსამშობლო და ღირებულებადაკარგული ოპოზიციის ნომინალური ლიდერი, რომლადაც იქცა მილევადი პრეზიდენტი, უარს ამბობს, ხელი მოაწეროს კანონს, რომელიც იცავს ადამიანისათვის ყველაზე ღირებულს – ოჯახსა და ბავშვებს. ამ უარიდან კარგად ჩანს, სად დგას სალომე ზურაბიშვილი და სად დგანან მას ამოფარებული უსამშობლო ოპოზიციონერები, რომლებსაც იმდენი გამბედაობაც არ აღმოაჩნდათ, რომ ღიად გამოეხატათ აზრი ამ კანონთან დაკავშირებით და სამარცხვინოდ გაიპარნენ დარბაზიდან კანონზე კენჭისყრის დროს“, - ვკითხულობთ შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისი თქმით, კარგად ესმის, რომ კანონის ხელმოწერა კრიტიკას გამოიწვევს ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან, მაგრამ ქართველებს არასდროს შეშინებიათ სხვათა შეფასებების, „როდესაც ვხედავდით, რომ ცივილიზაციური დინებები არასწორ კალაპოტს ჭრიდნენ“.
„შემწყნარებლობა იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გამორჩეული თვისება. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ შემწყნარებლობა ერთმანეთის პატივისცემაზე დაფუძნებულ თანაცხოვრებას გულისხმობს და არა ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრებას და სხვისი რწმენისა და ღირებულებების უგულებელყოფით სამოქალაქო მშვიდობის დარღვევას“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კანონი ერთ-ერთია, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს.
„მისი მიღების პროცესში გვქონდა ასევე განხილვები რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, სადაც როგორც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ისე სხვა რელიგიურმა კონფესიებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამ კანონის სულისკვეთებას.
ამიტომ, ჩემთვის ამ კანონზე ხელის მოწერა, არის ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე ხელმოწერა. ხელმოწერა, რომლის უკან დგას ერიც და ბერიც“, - წერს პაპუაშვილი.
ჰომოფობიური კანონი პარლამენტმა 17 სექტემბერს, 84 წევრის მხარდაჭერით მიიღო. მის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, ხოლო ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა სხდომას არ ესწრებოდა.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონს ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გადაჰყავს ევროკავშირის გზიდან, რადგან ის ძირს გამოუთხრის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს, გაზრდის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას.
საქართველოს ხელისუფლებას კანონის გადახედვისკენ მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს საელჩომაც. დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსულ კანონთან ერთად, იგი ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი არ მოაწერა, თუმცა არც ვეტო გამოიყენა. კონსტიტუციის თანახმად, ასეთ შემთხვევაში კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.