მეათე მოწვევის პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას და ცენზურის შემოღებას ითვალისწინებს. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა სხდომას არ ესწრებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ამ ინიციატივაზე მუშაობამ ძალიან მკაფიო ხაზი გაავლო თუ ვინ რას ირჩევს: ვინ ირჩევს საზოგადოების საუკეთესო ინტერესების განხორციელებას და ვინ არის გარე დაკვეთების შემსრულებელი, ვისთვის არის მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დაცვა და ვის უნდა პროპაგანდა და მავნე ზეგავლენა, ვინ იცავს არასრულწლოვანებს მავნე ზეგავლენისგან და ვინ ცდილობს არასრულწლოვანებში ისეთი საკითხების პოპულარიზაციას როგორიც არის, სქესის შეცვლის ოპერაციები, ლგბტ პროპაგანდის ამსახველი სახელმძღვანელოების შეტანა სკოლებსა და ბაღებში. ფაქტია, ამ ინიციატივაზე მუშაობამ პარლამენტიდან ოპოზიცია გააქცია. ოპოზიცია დღეს უკვე იძებნება.
მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივას ჰქონდეს ის მხარდაჭერა, რაც ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა და ამაზე მუშაობა უკვე მომდევნო პარლამენტში, საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში გავაგრძელოთ“, - განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა კენჭისყრამდე.
„ქართული ოცნების“ მიერ სხვადასხვა კანონებში შეტანილი ცვლილებებით იკრძალება საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ტელევიზიით „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება. ასევე, აიკრძალება შეკრება და მანიფესტაცია, თუ ის მიმართულია „ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისკენ მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. პოლიციას ექნება უფლება, შეკრებილებს დაშლა მოსთხოვოს.
ასევე დაუშვებელია ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების რეგისტრირება, ხოლო ისეთ კავშირს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებულია ან/და აღიარებულია ქორწინებად, საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება.
დაუშვებელი იქნება იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.
საკანონმდებლო ცვლილებებით იკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვისთვის ჩატარება და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
ცვლილებები ეხება შრომით ურთიერთობებსაც. კერძოდ, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.
ამასთანავე, ცვლილებებით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება და შრომის კოდექსით უქმე იქნება.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე განცხადება გაავრცელა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილმა. მათი შეფასებით, ცვლილებების მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა.
„კანონების პაკეტი, თვალთმაქცური სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, სინამდვილეში საერთოდ არ პასუხობს იმ რეალურ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებიც საქართველოში ოჯახებსა და არასრულწლოვანებს უდგათ. ასეთი გამოწვევებია სიღარიბე, ინფლაცია, მზარდი ემიგრაცია, საბაზისო საჭიროებებზე ხელმიუწვდომლობა, ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობა, რესურსების უსამართლო და უთანასწორო გადანაწილება, უხარისხო ჯანდაცვა და განათლება, განადგურებული გარემო და სხვა“.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ცვლილებებს ვეტო დაადოს - არ დაუშვას სიძულვილის, ცენზურისა და ჩაგვრის დაკანონება.
პარლამენტის გადაწყვეტილებას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოც გამოეხმაურა. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს.
„ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს“, - საელჩოში გამოთქვეს წუხილი, რომ პარლამენტმა ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით მიიღო.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გარდა, „ქართულ ოცნებას“ ინიცირებული აქვს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მისაღებად საჭირო კონსტიტუციური უმრავლესობა (113 დეპუტატი) მეათე მოწვევის პარლამენტში არ გააჩნდა. ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო კანონის პროექტის მიღებით ხელისუფლება შექმნის სტიგმისა და ცრურწმენების გაძლიერების, ჰომოფობიის წახალისების რისკს, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან. ვენეციის კომისია პარლამენტს მიმართავდა რეკომენდაციით, სრულად გადაეხედა საკანონმდებლო ცვლილებებისთვის.