უკრაინის ხერსონის ოლქიდან ლტოლვილ ოჯახს, რომელიც მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, კახეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანით პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა. ავარიის დროს უკრაინიდან ლტოლვილების მანქანაში მშობლები და ოთხი შვილი ისხდნენ, აქედან სამი არასრულწლოვანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა 7 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში მოხდა. ქართველ მასპინძელს, რომელთანაც უკრაინიდან ლტოლვილების ოჯახი დროებით ცხოვრობს, ისინი სხვა რეგიონში მიჰყავდა იმის გასარკვევად, შეძლებდნენ თუ არა ერთ-ერთ სკოლაში ბავშვების შეყვანას, რადგან კახეთში უკრაინიდან ლტოლვილებისთვის სასკოლო განათლება ხელმისაწვდომი არ არის.
როგორც თვითმხილველებმა „საქართველოს ამბებს“ უთხრეს, ავარიის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები უკრაინიდან ლტოლვილების ოჯახის გამტყუნებას ცდილობდნენ. ასევე, მათ ურჩიეს, არ დაერეკათ 112-ზე. შემთხვევის ადგილზე ლტოლვილების ოჯახი სამ საათზე მეტ ხანს დააყოვნეს. უკრაინის მოქალაქე ანატოლი კობიცკი ითხოვდა, მხოლოდ მანქანის შეკეთებაში დახმარებოდნენ. სწორედ ამ მანქანით მოახერხეს მათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის დატოვება და საქართველოში ჩამოსვლა. „ჯიგულის“ მარკის მანქანის გარდა ოჯახს აღარაფერი აქვს.
პოლიციის თანამშრომლებმა დაზარალებულებს თავდაპირველად მანქანის შესაკეთებლად 200 ლარი შესთავაზეს და ეს თანხა საბოლოოდ 300 ლარამდე გაზარდეს. ლტოლვილი ოჯახის ქართველმა მასპინძელმა რამდენიმე ხელოსანთან გაარკვია, რომ ავარიის შედეგად დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად სულ მცირე 500-600 ლარი იყო საჭირო. უკრაინიდან ლტოლვილების ოჯახი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პოლიციელებს, მათ შორის, ხელმძღვანელ პირებს სთხოვდა, მხოლოდ მანქანა შეეკეთებინათ.
ავარიის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მხოლოდ მას შემდეგ შეუდგინეს და 250 ლარით დააჯარიმეს, რაც პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა თქვეს, რომ შსს-ს მანქანა დაზღვეული იყო და სადაზღვევო კომპანია მიხედავდა.
ლტოლვილი ოჯახის ქართველ მასპინძელს უთხრეს, რომ ზიანს „პსპ დაზღვევა“ აანაზღაურებდა. მანქანის დაზიანებული ნაწილების აღდგენა კერძო ავტოსერვისმა ოფიციალურად 1700 ლარად შეაფასა, „პსპ დაზღვევამ“ კი ხარჯთაღრიცხვა 100 ლარით შეამცირა და უკრაინიდან ლტოლვილების ოჯახს დაჰპირდნენ, რომ 1600 ლარს გადაუხდიდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ორი კვირა გავიდა, მაგრამ „პსპ დაზღვევას“ დაზარალებულისთვის თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია. ამის მიზეზად კომპანიამ ლტოლვილების ქართველ მასპინძელს უთხრა, რომ დაზარალებულს თან არ აქვს საერთაშორისო პასპორტი და არც საბანკო ანგარიში აქვთ საქართველოში. ანატოლი კობიცკიმ „პსპ დაზღვევას“ მიაწოდა ლიბერთი ბანკის ანგარიშის ნომერი, რომელიც მისი მეუღლის სახელზე საქართველოში შემოსვლისას გაიხსნა, რომ უკრაინიდან ლტოლვილებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარება (519 ლარის ოდენობით) ჩაერიცხათ. „პსპ დაზღვევას“ ასევე წარუდგინეს ქორწინების მოწმობაც, მაგრამ კომპანიამ უკრაინიდან ლტოლვილებს დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად საჭირო თანხა ამ დრომდე არ მისცა.
„რაც უფრო მეტს ილაპარაკებთ ამ თემაზე, მით მეტი პრობლემა შეიქმნება. პრობლემა კანონმდებლობაშია და მიმართეთ მაშინ შესაბამის ორგანოს“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ „პსპ დაზღვევის“ ზარალების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბექა ბადრიძემ.
„საქართველოს ამბები“ ამ საკითხზე ელოდება განმარტებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. მასალა კომენტარების მიღებისთანავე განახლდება.