საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი განსაცდელის - ომის არიდება მოახერხა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ჩვენი მთავრობის მუშაობის შედეგად, შარშან უპრეცედენტო, მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. 10.1% იყო ეკონომიკური ზრდა მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში არის რეცესია, გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადობა. ამ გამოწვევების მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, ყველამ ერთად, მთელმა გუნდმა მოვახერხეთ ყველაზე დიდი განსაცდელის არიდება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ომი. ეს არის ის მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, არ ჩერდება, რომ რამენაირად ეს კონფლიქტი გადმოსულიყო ჩვენს ქვეყანაში. ამის თაობაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათ მიერ არ წყდება, სამწუხაროდ.
მე ერთი რამ მინდა ვუსურვო ყველას და მათ შორის, ჩვენს უკრაინელ მეგობარ ხალხს - მშვიდობა, ამ ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა: თქვენ უყურებთ, რომ ომის დაწყების დღიდან დღემდე, უკვე უკრაინის ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული, 20%. ათიათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას - ზოგი ამბობს, რომ უკვე ეს ერთი ტრილიონი დოლარია, ზოგი ამბობს - 700-800 მილიარდია, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები, ბავშვები დაიღუპნენ. ამ ზარალს და ამ დანაკლისს, ტკივილს, ვერაფერი აღადგენს. ვუყურებთ, რომ ომი არ ჩერდება, მცდელობაც არ ჩანს, რეალურად, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს ომი გაჩერდეს, რაიმენაირად მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ.
ეს შემაშფოთებელია. ამის შედეგად, გარემო, რომელიც უკრაინაში, რეგიონში და მთლიანად მსოფლიოშია შექმნილი, კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება და ჩვენს ხალხს, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ“, - თქვა ღარიბაშვილმა.
ორი დღის წინ უკრაინაში რუსეთის „უპირატესობაზე“ და ომში საქართველოს ჩართვის ინტერესზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ორ კვირაში უკრაინას არცერთი დასახლებული პუნქტი არ აუღია, მაშინ როდესაც რუსეთმა ერთ კვირაში ათამდე დასახლებული პუნქტი დაიკავა. ამ პირობებში, როგორც კობახიძე ამბობს, იზრდება ზოგიერთი ძალის ინტერესი, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას „იმისთვის, რომ რუსეთს პირველ ფრონტზე მდგომარეობა დაუმძიმდეს“.
„არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა.
ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას.
კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ“, - ასე უპასუხა მიხაილო პოდოლიაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ირაკლი კობახიძეს.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში პოდოლიაკმა განაცხადა, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება, თუ ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს და შეეცდება ომზე კომენტარი არ გააკეთოს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. დიდი ბრიტანეთის მონაცემებით, მარტში, წინსვლის მაქსიმალურ წერტილში, რუსეთს უკრაინის ტერიტორიების დაახლოებით 27% ჰქონდა ოკუპირებული. სექტემბრის ბოლოს, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის დროებით ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა, შემდეგ კი ეს ოლქები რუსეთის ტერიტორიულ სუბიექტებად გამოაცხადა. ნოემბერის დასაწყისში უკრაინელებმა ხერსონზე კონტროლი დაიბრუნეს. უკრაინამ 24 თებერვლის შემდეგ დაკარგული ტერიტორიის დაახლოებით 54% გაათავისუფლა და წლის ბოლოსთვის რუსეთი უკრაინის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 18%-ს აკონტროლებდა. დღეს, ფრონტზე ყველაზე რთული ვითარება დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთანაა, რომლის აღებას რუსული ჯარი გასული წლის აგვისტოდან ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქის დატოვებას არ აპირებენ. „სადამდეც შევძლებთ, ვიბრძოლებთ. ბახმუტი ჩვენს ციხესიმაგრედ მიგვაჩნია. ჩვენიანებს, რომლებიც იქ დაეცნენ, გმირებად მივიჩნევთ. თუ იარაღის, კერძოდ, შორი მოქმედების იარაღის მოწოდება დაჩქარდება, ბახმუტს არა მხოლოდ არ მოვშორდებით, არამედ დავიწყებთ დონბასის დეოკუპაციას, რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებულია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.