„კატეგორიულად გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ რაღაც კლანი ან გუნდი არსებობს, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს“, - განაცხადა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გიზო უბილავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. დღეს კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული სამი მოსამართლის მოსმენა მიმდინარეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, გიზო უბილავას კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ჰკითხა, რითია განპირობებული, რომ 2012 წლამდე, სასამართლოსთან მიმართებაში სიტყვა „კლანი“ არ ფიქსირდება, 2012 წლის შემდეგ კი ამ ტერმინოლოგიით ხდება „იერიშის მიტანა სასამართლოზე“.
„არავითარი კლანი არ არსებობს. ცალსახად. სწორად აღნიშნეთ, მართლა ცდილობენ, რადგან ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ კლანს. არავითარი კლანი არ არსებობს სასამართლოში. ჩემთვის გაუგებარია, ასე უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ თითქოსდა, კლანი არსებობს სასამართლოში. ეს ხომ ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს. უფრო სწორად, ცდილობენ.
ჩვენი საზოგადოება გონიერი საზოგადოებაა და ხვდება ამას, რომ... თუნდაც ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ ეძახიან, ან რას ეძახიან კლანს ჩემთვის გაუგებარია. თითქოს ერთი გუნდი არსებობსო, თითქოს ეს გუნდი აკონტროლებს სასამართლოსო. კატეგორიულად გამოვრიცხავ ასეთ ფაქტს და ვერ დავეთანხმები იმ პირებს, ვინც აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ და უსაფუძვლოდ გაიძახიან, თითქოს, რაღაც კლანი და ერთი გუნდი აკონტროლებს სასამართლოს. ჩემი აზრით, რაღაც გუნდმა თქვა და შეიმუშავა [ტერმინი] 12-ის შემდეგ, თორემ სხვანაირად ვერ ავხსნი“, - განაცხადა მოსამართლემ.
ანრი ოხანაშვილი ასევე დაინტერესდა, ხომ არ განხორციელებულა მასზე რაიმე სახის ზემოქმედება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რამაც გავლენა იქონია მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
„არანაირი კომუნიკაცია, ზეწოლაზეც ზედმეტია საუბარი, არ ყოფილა. აღნიშნული კუთხითაც კანონით მოწესრიგებულია. ვინც არ უნდა ყოფილიყო - ხელისუფლება, სხვა პირი, მხარე - მოხსენებითი ბარათით დაუყოვნებლივ მივმართავდი სასამართლოს თავმჯდომარეს, შესაბამისი რეაგირებაც ექნებოდა ჩემი მხრიდან და აღნიშნული ფაქტიც დაფიქსირდებოდა.
არავის მხრიდან ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია, ზეწოლა კი არა, თუნდაც ზედმეტად იმის კითხვა, რას ვაპირებდი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. არც ჩემი კოლეგებისგან გამიგია, ასეთი ფაქტი რომ დაფიქსირებულიყო“, - თქვა გიზო უბილავამ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში 3 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი წარუდგინა. გიზო უბილავა 2019 წლამდე პროკურორი იყო, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ კი 2020 წლიდან მუშაობს.
2022 წელს გიზო უბილავა ერთ-ერთი იყო იმ 5 მოსამართლიდან, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს და აშშ-ში გამგზავრებაზე უარი თქვა. „კოლეგებმა, ვინც მივემგზავრებოდით, ჩავთვალეთ, რომ ჩხიკვაძეს, ფაქტობრივად, ანგარიში მოსთხოვეს კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უარი ვთქვით გამგზავრებაზე. მორალური უფლება არ გვქონდა, რომ წავსულიყავით ამ ვიზიტით“, - განმარტა მაშინ უბილავამ.
2023 წელს ნოემბერში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, გიზო უბილავა უვადოდ გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.