უზენაესმა სასამართლომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საქმეში დისკრიმინაცია ვერ დაინახა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მუსლიმების ლოცვა ღია ცის ქვეშ

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელიც ბათუმის მერიის მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციას ადგენდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, მოსამართლეების - მაია ვაჩნაძის, ქეთევან ცინცაძის და ბიძინა სტურუას შემადგენლობით, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ და ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრებს ორი წლის განმავლობაში განიხილავდა. მხარეებს გასაჩივრებული ჰქონდათ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინება, რომლის თანახმადაც, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე მერიის უარი უკანონო იყო და რელიგიის ნიშნით მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობას წარმოადგენდა.

იმ ზონაში, სადაც მოსარჩელე მხარე მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვს, 7 მართლმადიდებლური ეკლესიაა, მათგან 3 ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზეა აშენებული. სააპელაციო სასამართლომ მერიის უარი ბათილად ცნო, თუმცა არ დააკმაყოფილა მუსლიმების მოთხოვნა, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ნაცვლად, პირდაპირ დაევალებინა მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილება. მუსლიმმა თემმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სწორედ ამ ნაწილში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მან გაიზიარა  „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ არგუმენტი, რომ რადგან სააპელაციო სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა, მას დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრის მიზნით, არსებითად საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა საკითხი და მერიისთვის აღარ უნდა დაებრუნებინა. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ მერიას მშენებლობის ნებართვის გაცემა არ დაავალა, არამედ საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა.

უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარიც. კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, რადგან ბათუმის მერიას „საცხოვრებელ ზონა 6-ში“ (ზონა, რომელშიც მდებარეობს ახალი მეჩეთის მიწის ნაკვეთი) მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის ნებართვა არ გაუცია, არამედ ისინი უნებართვოდ არის აშენებული.

უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილზეც იმსჯელა, რომელშიც სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა მეჩეთის მშენებლობის ინტერესს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ ინტერესთან მიმართებით. უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს დაავალა, რომ საფუძვლიანად შეაფასოს და გამოიკვლიოს ყველა საჭირო გარემოება და ამაზე დაყრდნობით დაადგინოს, მოცემულ შემთხვევაში რომელი ინტერესია უპირატესი - მუსლიმების რელიგიური ინტერესი თუ ადგილობრივ მცხოვრებთა საცხოვრებელი ინტერესი.

სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავენ. მათი  შეფასებით, დისკრიმინაციასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განმარტებები მანკიერ პრაქტიკას ამკვიდრებს არა მხოლოდ მუსლიმთა უფლებების, არამედ ზოგადად, თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფის კუთხით.

„მაგალითად, სასამართლომ თქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მუსლიმები კი არიან არსებითად თანასწორნი, მაგრამ მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, რადგან მართლმადიდებელ ეკლესიაზე არასდროს გაცემულა ზონალური შეთანხმება „საცხოვრებელ ზონა 6“-ში ტაძრის აშენებისთვის და ეკლესიას არც არასდროს მიუმართავს მერისთვის ამ მოთხოვნით.

ამგვარი მსჯელობით, უზენაესმა სასამართლომ სრულიად ჩამოაშორა საქმეს ის კონტექსტი, რომ მხოლოდ ფორმალურად ნებართვის გაცემა და არგაცემა კი არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ ერთი მხრივ, ერთი გაერთიანებისთვის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა, ხოლო სხვის მიერ მშენებლობის უნებართვო განხორციელების იგნორირება.

საკასაციო სასამართლომ კონტექსტის გაუთვალისწინებლად მოიშველია პრინციპი „არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში“, თუმცა, არ იმსჯელა იმაზე, რომ ეს პრინციპი, შესაძლოა, სახელმწიფომ გამოიყენოს დისკრიმინაციის ლეგიტიმაციისთვის“, - აცხადებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე სასამართლო დავა 7 წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მუსლიმებს ღია ცის ქვეშ უწევთ შეკრება და ლოცვა. ჯერ კიდევ 2019 წელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეჩეთის მშენებლობის საკითზე მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ შეაფასა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.