ვენსის თქმით, ევროპისთვის საფრთხე არის არა რუსეთი ან ჩინეთი, არამედ ის მის შიგნითვეა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროპსთვის ყველაზე დიდი საფრთხე მის შიგნითვეა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ევროპის წინაშე არსებული საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად მაშფოთებს, არ არის რუსეთი, არ არის ჩინეთი, არ არის სხვა რომელიმე გარე საფრთხე. რაც მაშფოთებს, არის საფრთხე შიგნით, ევროპის უკან დახევა ზოგიერთი მისი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებიდან“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ვენსმა ევროპის უკუსვლის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთის ჩარევის ბრალდებების ფონზე ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების შესახებ.

„როგორც ვხვდები, არგუმენტი იყო ის, რომ რუმინეთის არჩევნები რუსულმა დეზინფორმაციამ დააზიანა. თქვენ შეიძლება გწამდეთ, რომ რუსეთი არ უნდა ყიდულობდეს რეკლამებს სოციალურ მედიაში, რათა გავლენა მოახდინოს თქვენს არჩევნებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობთ. თქვენ შეგიძლიათ დაგმოთ ეს მსოფლიო ასპარეზზეც კი, მაგრამ თუ თქვენი დემოკრატია შეიძლება განადგურდეს რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ციფრული რეკლამით სხვა ქვეყნიდან, მაშინ ის თავიდანვე არ იყო ძალიან ძლიერი“, - განაცხადა ჯეი დი ვესნმა.

ვიცე-პრეზიდენტმა „აღიარა“, რომ ზოგჯერ ცენზურის სასარგებლოდ ყველაზე ხმამაღალი ხმები ისმის არა ევროპიდან, არამედ მისივე ქვეყნიდან - აშშ-დან, სადაც წინა ადმინისტრაცია „ემუქრებოდა და აშინებდა სოციალური მედიის კომპანიებს“, მოეხდინათ დეზინფორმაციის ცენზურა: „ისეთი დეზინფორმაციის, როგორიცაა, მაგალითად, იდეა, რომ კორონავირუსმა სავარაუდოდ ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა. ჩვენმა მთავრობამ წაახალისა კერძო კომპანიები, გაეჩუმებინათ ხალხი, რომელმაც გაბედა იმის თქმა, რაც აშკარა ჭეშმარიტება აღმოჩნდა“.

ჯეი დი ვენსმა კონფერენციის ორგანიზატორები გააკრიტიკა დისკუსიაში იმ კანონმდებლების არ მიწვევის გამო, რომლებიც მემარცხენე და მემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს წარმოადგენენ.

„ჩვენ ვალდებულნი არ ვართ, დავეთანხმოთ ყველაფერს და ყველას, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ როდესაც პოლიტიკური ლიდერები წარმოადგენენ ამომრჩევლის მნიშვნელოვან ნაწილს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, სულ მცირე, მათთან დიალოგში მივიღოთ მონაწილეობა.

ბევრი ჩვენგანისთვის ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს, ეს უფრო და უფრო ჰგავს ძველ დამკვიდრებულ ინტერესებს, დამალულს საბჭოთა ეპოქის მახინჯი სიტყვების „დეზინფორმაციისა“ და „ყალბი ინფორმაციის“ უკან, რომლებსაც უბრალოდ არ მოსწონთ იდეა, რომ ვიღაცამ, ალტერნატიული თვალსაზრისის მქონემ, შეიძლება გამოხატოს განსხვავებული აზრი, ან, ღმერთმა ნუ ქნას, ხმა მისცეს განსხვავებულად, ან კიდევ უარესი - გაიმარჯვოს არჩევნებში“, - განაცხადა ჯეი დი ვესნმა.

CNN-მა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არ ახსენა რუსეთი და ბელარუსი - ქვეყნები, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში ერთი ლიდერები მართავენ.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპელი ლიდერების მიმართ ვენსის კრიტიკას „მიუღებელი“ უწოდა. მისი თქმით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება შთაბეჭდილებას, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა შექმნა, თითქოს გერმანიის დემოკრატიაში უმცირესობები აკრძალული ან გაჩუმებულები არიან.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა „მასობრივი“ მიგრაციის გამოწვევაზეც და თქვა, რომ ევროპის „კონტინენტზე არც ერთი ამომრჩეველი არ წასულა საარჩევნო ყუთთან იმისთვის, რომ გახსნილიყო ჭიშკარი მილიონობით შეუმოწმებელი ემიგრანტისთვის“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.