ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში - კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ერთი მინუსი რაც ვიზალიბერალიზაციას აქვს“ მიგრაციის წახალისებაა, რაც მისი თქმით, უკვე გამოჩნდა ბალტიის ქვეყნების მაგალითზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიტვა - და ასევე ლატვია - და შესაბამისად მოიხსნა სავიზო რეჟიმი, 600 000-ით შემცირდა მოსახლეობა ერთ ქვეყანაში და 400 000-ით მეორეში. რატომ? იმიტომ, რომ სხვაობა არის ჯერ კიდევ, მათ შორის, საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქითკენ წარიმართება მიგრაციული პროცესები. ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ამის წამახალისბელია.

ვიზალიბერალიზაციის არ არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკის ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე“, - თქვა კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკურ ზრდასთან კავშირი არ აქვს.  

„თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უვიზოდ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ რაციონალურ ფარგლებში“, - აღნიშნა კობახიძემ.

საქართველომ ვიზალიბერალიზაცია 2017 წლის მარტის ბოლოს მიიღო, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავის ერთ-ერთ მიღწევად წარმოაჩენდა. 2019 წელს, პარტიის დამფუძნებელი და მაშინდელი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნების - ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მაგალითს დადებითი კონტექსტით იყენებდა.

მაშინ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების ევროპაში ლეგალურად დასაქმების ინიციატივით გამოვიდა - თქვა, რომ საქართველოს წლები დასჭირდება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქე ღირსეულად დაასაქმოს, ევროპის ქვეყნებს კი მუშახელი არ ჰყოფნით.

„მინდა ერთი პარალელი გავავლო: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ბულგარეთი - ჩვენსავით დაცლილია, იმიტომ, რომ ცხოვრების დონე, ეკონომიკა იქაც განსხვავებულია და მიგრაცია მიდის, მაგრამ ისინი ოჯახში არიან, ევროკავშირის წევრები არიან. ჩვენ შეგვიძლია ნაადრევად, სანამ ევროკავშირის წევრობას მოვახერხებთ, როგორც რაჭველი ჩამოდიოდა დაბაში, მუშაობდა და უკან ბრუნდებოდა, ან იმერელი მიდიოდა გურია-სამეგრელოში, ისევე მოვახერხოთ, რომ ქართველები ღირსეულად, ლეგალურად და არა მალულად დასაქმდნენ [ევროპაში]. ისტორია რასაც გვაჩვენებს, ქართველებს სერიოზული ემიგრაცია არ გვქონია არასდროს. [...] ქართველები არ დაიკარგებიან და არ დარჩებიან ევროპაში“, - აცხადებდა ივანიშვილი.

ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვადა აგვისტოს ბოლომდე მისცა „ვიზის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში მოცემული 8 რეკომენდაციის შესასრულებლად. საქართველომ უზრუნველყოს და დაიცვას ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. რეკომენდაციებს შორისაა ნებისმიერი იმ კანონის გაუქმება, რომელიც ზღუდავს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შესახებ კანონი, ასევე საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს და დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.