„ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ - მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მისივე თქმით, პროექტის მოდიფიცირების შემდეგ, შესაძლოა, ჰესის სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ექსპერტები ეუბნებიან, რომ გამომუშავება შეიძლება თითქმის იგივე იყოს. „თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
650 მეგავატიანი ხუდონჰესის აშენება ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშშია დაგეგმილი. არსებული პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრია, წყალსაცავის მოსაწყობად კი 528 ჰექტარი ტერიტორია უნდა დაიტბოროს, მათ შორის, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ნაწილი, 2000-მდე ადამიანი უნდა გაასახლონ. 2013 წელს, ხაიშის მცხოვრებლებმა ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვების მფლობელ კომპანიას საქმიანობის დაწყების უფლება არ მისცეს.
გასული წლის 19 დეკემბერს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ხუდონჰესის პროექტი სახელმწიფომ ინვესტორისგან 13.5 მლნ დოლარად გამოისყიდა და მისი მშენებლობა და 2023 წლიდან დაიწყება. მისივე თქმით, სახელმწიფომ პროექტთან ერთად დაიბრუნა ის მიწებიც, რაც კომპანიას ჰქონდა გადაცემული. კომპანია „ტრანს-ელექტრიკა“, რომელსაც ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა აქვს, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. კომპანიას, 2011 წელს, ხაიშის თემში 1536 ჰექტარი მიწა სიმბოლურ ფასად, 1 დოლარად გადასცეს. მას შემდეგ კომპანიას არანაირი აქტივობა არ განუხორციელებია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების გარდა. მინისტრმა არ დააკონკრეტა, რაში გადაიხადა სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 13.5 მილიონი აშშ დოლარი.
„ან ჩვენ ვიქნებით ცოცხლები და ვიქნებით აქ, ან არ ვიქნებით ცოცხლები და მერე თუ განახორციელებენ, ნახავთ. ჩვენ ხატს ვერ გავტეხთ, გამორიცხულია. ძალით ხომ არ გაგვასახლებენ სახლებიდან?!
იმ პარამეტრებით და იმ ადგილას არ დავუშვებთ ამ პროექტის განხორციელებას. ამიტომ, ვიფიქროთ ალტერნატივაზე“, - ასე გამოეხმაურა „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ხაიშის ნაფიცთა საბჭოს წევრი, ადგილობრივი მკვიდრი და მათემატიკის მასწავლებელი ზურა ნიჟარაძე.
ხაიშის მკვიდრ 200-მდე ოჯახს წმინდა გიორგის ეკლესიაში ხატზე აქვს დაფიცული, რომ არ დაუშვებენ ხაიშისა და მიმდებარე სოფლების, სასაფლაოების, ეკლესიების დატბორვას და წყლის ქვეშ მოქცევას, სანაცვლოდ უარი თქვეს ნებისმიერ კომპენსაციაზე.