კრიტიკის შემდეგ ზელენსკი ანტიკორუფციული ორგანოების შესახებ ახალ კანონპროექტს წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკვე შეათანხმა ახალი კანონპროექტის ტექსტი, რომელმაც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა უნდა გააძლიეროს და რომ მას უმაღლეს რადაში დღეს, 24 ივლისს შეიტანს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ახლახან შევათანხმე კანონპროექტის ტექსტი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინაში კანონისა და წესრიგის სისტემის რეალურ გაძლიერებას, ანტიკორუფციული სააგენტოების დამოუკიდებლობას, ასევე კანონისა და წესრიგის სისტემის საიმედო დაცვას რუსეთის ნებისმიერი გავლენისა და ჩარევისგან. ტექსტი დაბალანსებულია“, - ციტირებს ზელენსკის განცხადებას გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“.

პრეზიდენტის თქმით, კანონპროექტი მოიცავს „რეალურ ინსტრუმენტებს, არანაირ რუსულ კავშირებს, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას“.

„მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ ყველა უკრაინელის პოზიციას და მადლიერები ვიყოთ ყველასი, ვინც უკრაინასთან არის“, - აღნიშნა ზელენკიმ.

ორი დღის წინ, 22 ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა კარგავენ დამოუკიდებლობას და ფაქტობრივად გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში გადადიან.

კანონის მიღებას პროტესტი მოჰყვა. პირველად, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მასობრივი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა კიევში, ლვოვში, დნიპროში, ოდესაში და სხვა ქალაქებში.

საპროტესტო აქცია კიევში

უკრაინა ევროპელმა პარტნიორებმაც გააკრიტიკეს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის ძირითადი დამცავი მექანიზმების გაუქმება ევროკავშირის გზაზე „სერიოზულ უკან გადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა.

„მოგიწოდებთ, არ დაუშვათ ეს დიდი შეცდომა, რამაც შეიძლება თქვენი ქვეყანა პროგრესის გზიდან გადაიყვანოს. ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქმე დეტალებსა და ნიუანსებში კი არა, პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლობის პრინციპშია - ის ან არსებობს, ან არა“, - მიმართა უკრაინელებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა

ზელენსკიმ პირობა დადო, რომ პარლამენტს წარუდგენდა ახალ კანონპროექტს, რომელიც „კანონისა და წესრიგის სისტემის სიმტკიცეს“ უზრუნველყოფდა და შეინარჩუნებდა „ყველა ნორმას ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.