გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელს, იოსებ მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მაისურაძე, 38-დღიანი პატიმრობის შემდეგ, 2000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
იოსებ მაისურაძემ, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დანაშაული მოინანია, ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მისი ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების კანონიერი საფუძველი აღარ არსებობდა.
„მან ჩემთან საუბარში დაადასტურა, რომ ეს იყო მისი უეცარი სულიერი აღელვებით გამოწვეული მოქმედება, რომელსაც დღევანდელი გადმოსახედიდან დადებითად არ აფასებს. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ თუ ნებისმიერ ვითარებაში ისევ მოუწევს დაზარალებულთან შეხვედრა, სურვილი აქვს, რომ მას მეგობრობის ხელიც კი გაუწოდოს და მეგობრობაც კი შესთავაზოს. ესე იგი, მისი განწყობები რადიკალურად არის შეცვლილი და რაიმე მსგავსის განმეორების საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
ბრალდების მხარე იოსებ მაისურაძის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. როგორც პროკურორმა ოთარ დოხნაძემ თქვა, ბრალდებულის პიროვნებიდან, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ნამდვილად არსებობს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების საფრთხე.
„ჩვენი პოზიცია არის იგივე, რაც იყო პირველივე წუთებიდან. სასჯელი სასამართლოს გადასაწყვეტია, თუმცა ბრალდების მხარე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე იმ პოზიციაზე დარჩება, რომ გამოტანილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი“, - აღნიშნა ოთარ დოხნაძემ.
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა 17 ივნისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტ „სმარტის“ ავტოსადგომზე მოხდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თანაპარტიელებთან ერთად ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში ტრენინგის ჩასატარებლად მიდიოდა. მას თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ავტომობილში მარტო იჯდა და სუპერმარკეტში გადასულ მგზავრებს ელოდა. იმავე დღეს სოციალურ ქსელში სოსო მაისურაძის სახელით განცხადება გავრცელდა, სადაც ის დანაშაულს აღიარებდა და ამბობდა, რომ ჯაფარიძეზე თავდასხმის მოტივი „პატრიარქის შეურაცხყოფა“ იყო.
„მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი. ჩემ მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე. იცემა ჩვენი შვილების გარყვნისთვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისთვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს... არსად დამალვას არ ვაპირებ“, - წერდა მაისურაძე, რომელიც სამართალდამცველებმა იმავე დღეს დააკავეს.
მაისურაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმიდან მალევე, ბორჯომში, იმ სასტუმროსთან, სადაც ლიბერალური აკადემიის ახალგაზრდული ბანაკი ტარდებოდა, მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი თანამოაზრეებთან ერთად მივიდა. ისინი სასტუმროს ეზოში ქვებსა და საღებავებს ისროდნენ, იგინებოდნენ და ბანაკის მონაწილეებს ემუქრებოდნენ. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის ავტომობილი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე (სხვისი ნივთის განადგურება) მუხლით დაიწყო. ამ დრომდე პოლიციას არავინ დაუკავებია.
იოსებ მაისურაძის იდენტური ტექსტით და ფორმით აღიარა ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე 27 ივნისს განხორციელებული თავდასხმა მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმაც. სასამართლო სხდომაზე, სადაც გუგეშაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ვატო შაქარიშვილი და მისი მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ.
სავარაუდოდ, ჯაფარიძესა და მშვილდაძეზე თავდასხმები წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული იყო.