საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანია სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 2022 წელსაც გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. მან 2022 წლის, თუ არ ვცდები აპრილში, მიმართა მთავრობას, რომ მიეღო თანხმობა ვიზიტებზე, მას ეთქვა უარი და პრეზიდენტმა მაინც განახორციელა შესაბამისი ვიზიტები, თუმცა მაშინ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიგვიღია, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც ეტაპზე ეს პრაქტიკა შეცვალა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ არღვევდა კონსტიტუციას. გადიოდა კონსულტაციებს და მოგვიანებით თანხმობაც მიეცა გარკვეულ ვიზიტებზე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ.
როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად.
განაცხადა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა განახლდა. კობახიძეს მოსამართლე ევა გოცირიძემ ჰკითხა, რა მოტივაცია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის.
„თავიდანვე ვთქვით, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა“, - თქვა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას პოლიტიკურის გარდა, სამართლებრივი მოტივაციაც აქვს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს, რომ არსებული სისტემა საპარლამენტოა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება შეიჭრას საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში.
„თქვენს გადაწყვეტილებას პრეცედენტული მნიშვნელობა ექნება. რომ დავუშვათ თეორიული ვერსია, რომ ამ წარდგინებას მხარს არ უჭერთ, საპარლამენტო მმართველობის სისტემა თავდაყირა დგება“, - მიმართა მან მოსამართლეებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დასკვნას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოამზადებს. თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტის 100 წევრის ხმაა საჭირო, რაც „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად და საბოტაჟად მიიჩნევს და მხარს არ უჭერს.