2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან დღეს, 7 აგვისტოს 15 წელი შესრულდა. ამ დღეს რუსეთის არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გავლით და სრულმასშტაბიანი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სამხედრო აგრესია დაიწყო. ომი რამდენიმე დღე გაგრძელდა, ვიდრე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ დაიდო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. დაიბომბა თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი ისევ დევნილობაში რჩება.
2022 წლის დეკემბერში ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის საქმეზე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა და საქართველოს მხრიდან ჩადენილი რაიმე დარღვევა გამორიცხა. უფრო ადრე, 2021 წლის იანვარში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დაადგინა რუსეთის მიერ ევროპული კონვენციით დაცული არაერთი, მათ შორის, სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საკუთრების უფლების დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენას და რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ამ აქტების მიმართ. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული პირები ამ ქმედებას დაექვემდებარნენ მათი ეთნიკურობის გამო. სასამართლომ რუსეთს აგვისტოს ომის დროს დაზარალებული საქართველოს 24 000-მდე მოქალაქის სასარგებლოდ, 129 827 500 ევროს გადახდა დააკისრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის პირველი შემთხვევა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.
„აღნიშნულიდან 15 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, (რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო სასამართლოების არა ერთი გადაწყვეტილებით).
რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში და სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, უკანონო დაკავებებით და სხვა, დარტყმას აყენებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს.
ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება, აძლიერებს ადგილზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ომის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას, როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან.
საოკუპაციო ძალა დღემდე აბრკოლებს ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას. აგრეთვე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, მისიის მანდატის მიუხედავად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული მხარე აცხადებს, რომ საქართველო განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოს ქვეყნის დეოკუპაცია და მშვიდობიანი განვითარება. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.