ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის ფედერაციას, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებული საქართველოს 24 000-მდე მოქალაქის სასარგებლოდ, 129 827 500 ევროს გადახდა დააკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
დიდმა პალატამ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ძირითადი გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადა, დღეს კი ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხთან დაკავშირებით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს მთავრობას სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს:
- 3 250 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა სამხრეთ ოსეთისა და „ბუფერული ზონის“ ქართულ სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის და რუსეთის მთავრობის მიერ ამ მკვლელობების ადეკვატური და ეფექტური გამოძიების ვალდებულების შეუსრულებლობის მსხვერპლმა სულ მცირე 50-მა ადამიანმა;
- 2 697 500 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა სულ მცირე 166-მა ადამიანმა, რომლებსაც 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში ამყოფებდნენ;
- 640 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც 2008 წლის 8-დან 17 აგვისტოს პერიოდში, ცხინვალში, სულ მცირე 16-მა მსხვერპლმა განიცადა. საქმე ეხება ქართველი სამხედრო ტყვეების წამებას;
- 115 00 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელსაც განიცადა სულ მცირე 23 000 მსხვერპლმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საკუთარ საცხოვრებელში დაბრუნებაში ხელის შეშლის გამო.
- 8 240 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა სულ მცირე 412 მსხვერპლმა იმის გამო, რომ რუსეთმა არ შეასრულა პროცედურული ვალდებულება, რაც საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში გარდაცვალების შემთხვევების ადეკვატურ და ეფექტურ გამოძიებას გულისხმობს.
სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა უფლებამოსილება, განეხილა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაცია ევროპის საბჭოდან გასულია და მისმა მთავრობამ სასამართლოსთან არ ითანამშრომლა.
რუსეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო დუმამ ევროპული სასამართლოს იურისდიქციიდან გასვლის შესახებ კანონები მიიღო. რუსეთი უარს ამბობს სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების შესრულებაზე, რომლებიც ძალაში 2022 წლის 15 მარტის შემდეგ შევიდა.
2021 წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგენლობით, დაადგინა, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის. აღნიშნულ დარღვევებს შორისაა სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა. სასამართლომ განმარტა, რომ მსხვერპლების მიმართ ჩადენილი ქმედებები კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და ისინი ამ ქმედებას დაექვემდებარნენ მათი ეთნიკურობის გამო.