„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2024 წლიდან საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვას შეეხება.
შესაბამისი რეფორმის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით. ჯგუფის მიერ უახლოეს მომავალში შემუშავდება კანონპროექტების პაკეტი, რომელიც, არსებითად, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და სამუშაო ჯგუფში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით განხილულ თემებს დაეფუძნება.
გასულ წელს, სრულად ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურა ქალაქ თბილისის კრწანისის რაიონში. წელს, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით შედგა საკრებულოს შუალედური არჩევნები ბათუმის მუნიციპალიტეტის რვა საარჩევნო უბანზე. თანამედროვე ტექნოლოგიებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წარმატებული გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ეს ინიციატივა 2024 წლიდან ფართო მასშტაბით დავნერგოთ.
კერძოდ, ჩვენი გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში, მათ შორის ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონული აპარატურის გამოყენებით განხორციელდება.
ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70 %-ზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. „პივიტის“) გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად:
„30%-ის დატოვება ნიშნავს იმას, რომ ამ პროცენტში შეეცდებიან მანიპულაციას. ამასთან, საარჩევნო გარემო უნდა იყოს კეთილსინდისიერი, კონკურენციისთვის კენჭისყრის ელექტრონულად ჩატარება საკმარისი არ არის.
ამისთვის აუცილებელია ადმინისტრაციული რესურსის ფართოდ გავრცელებული მეთოდების გამოყენების აღკვეთა, კრიმინალური დაჯგუფებების გამოყენების პრაქტიკის შეწყვეტა, რასაც „ქართული ოცნება“ ბოლო არჩევნებზე აკეთებს.
საარჩევნო გარემო უნდა იყოს სამართლიანი, რაც დღემდე არ გვქონია და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ელექტრონულად ხმის მიცემის კანონპროექტს პარტია იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ ეს არ იქნება ცესკოს, სუს-ის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული და ამ პროცესის ფინანსურ, ელექტრონულ მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოები განახორციელებენ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ თბილისში გაყალბების მექანიზმი უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ნინოწმინდაში: „ნინოწმინდის ხმებით გვიბალანსებს საკუთარ პროცენტს ბატონი კობახიძე, ჰოდა, ამ თაღლითობას ვერ მიიღებს და ვერ „გაუპრავებს“ ვერავინ. ელექტრონულ სისტემას პირველი ჩვენ ვითხოვდით, ოღონდ არა 70% -ში, არამედ 100 %-ში.
მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობით დასახლებული ადგილები უნდათ, რომ გაყალბებისთვის დაიტოვონ. სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ფაილებში ხომ ნახეთ, 2018 წლის არჩევნებში რითი გაძვრნენ? - ნინოწმინდით, ახალქალაქით, გარდაბნით, დმანისით, აჭარის მაღალმთიანეთით, სადაც არჩევნები უბრალოდ კი არ გააყალბეს, ტოტალურად გააყალბეს და ოქმები გადაწერეს.
ჯერ პატარა რაიონები დაფაროს და შემდეგ - თბილისი, რადგან დედაქალაქში გაყალბების მექანიზმი უფრო ნაკლებია, ვიდრე ნინოწმინდაში“.
2024 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.