ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, პარლამენტთან შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
შუქრუთელები მეშვიდე თვეა უწყვეტი პროტესტის რეჟიმში არიან და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მათთვის მიყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ. 24 დღის წინ რამდენიმე ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა გამოაცხადა, ხუთმა ადამიანმა პირიც ამოიკერა. 11 სექტემბერს შუქრუთელებმა ჭიათურიდან თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლეს იმ იმედით, რომ ხელისუფლების ყურადღებას მიიქცევდნენ. ისინი ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ - საპატრულო პოლიცია კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს მაშინაც კი, როდესაც წვიმს.
სოლიდარობის აქცია არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ დაანონსა, რომელიც მიიჩნევს, რომ სოფელ შუქრუთში შექმნილ მდგომარეობაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ.
„გარდა იმისა, რომ მოპოვებითი საქმიანობა საჯარო რეგულირების საგანია და „ჯორჯიან მანგანეზის“ შემთხვევაში ლაპარაკია არა რიგით კერძო კომპანიაზე, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემული მოპოვების ლიცენზიით აღჭურვილ კორპორაციაზე, დამატებით აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია 2017 წლიდან სახელმწიფოს მართვაში იმყოფება. მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათსა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის პირობები ამ დრომდე შეუსრულებელია, ხელს სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი აწერს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აღნიშნავენ, რომ შექმნილი ვითარება ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში შესაძლოა, დადგეს უფრო მძიმე შედეგები და ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც უკვე 20 დღეზე მეტია შიმშილობენ, კრიტიკულად გაუარესდეს. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ უმოკლეს უნდა დააკმაყოფილოს შუქრუთელების მოთხოვნები და წამოიწყოს პროცესი, რომელიც ადგილობრივების სამართლიანი კომპენსირების გარანტიებს შექმნის.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტს უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, მმართველ პარტიასთან დაახლოებულ გიორგი კაპანაძეს (იგივე „რიჟა“). 2017 წლიდან სახელმწიფოს „ჯორჯიან მანგანეზში“ ოფიციალურად სპეციალური მმართველი ჰყავს დანიშნული იმ მიზეზით, რომ კომპანიის საქმიანობამ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია შექმნა და გამოუსწორებელი ზიანი თავიდან უნდა აეცილებინათ. სინამდვილეში, ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა და ჭიათურა უბედურების ზონად იქცა.
