საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ადამიანებში - მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ, 20%-მა თქვა, რომ მოსალოდნელია, 76%-ის თქმით, არ არის მოსალოდნელი, 4%-მა კი „არ იცის“.
ემიგრაციაში წასვლა თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს სურს. კვლევის მიხედვით, ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქალები. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებთან შედარებით, ოდნავ მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა საქართველოს მოქალაქემ, ქვეყანაში დაბრუნდა 38 526 ადამიანი, საზღვარგარეთ დარჩა 40 825.
NDI-ის ამავე კვლევის მიხედვით, ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია. უმუშევართა უმრავლესობა - 69% ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით. სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ვერანაირ სამსახურს ვერ პოულობს.
გამოკითხულთა 35%-ის თქმით, მის ოჯახს ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, 59% კი ამბობს, რომ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 5% აფასებს თავისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად. უმრავლესობა, 39% მიიჩნევს, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით ახლა ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, 37%-ის შესაძლებლობები არ შეცვლილა, 22%-სა კი გაუმჯობესდა. ამასთან, გაზრდილი ფასების გავლენა ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებზე გამოკითხულთა 77%-ს აწუხებს.
ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. გამოკითხულთა 18% ამბობს, რომ მის ოჯახს საკვებზე ფული არ ჰყოფნის, 35%-ს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის, მაგრამ არ ჰყოფნის ტანსაცმელზე. 35%-ის შემთხვევაში, ოჯახში ფული ჰყოფნით საკვებზეც და ტანსაცმელზეც, მაგრამ ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო ნივთების (სარეცხი მანქანა, მაცივარი) შეძენის საშუალება არ აქვთ. ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ.
ყოველი მეორე გამოკითხული მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალური გადასახადების დასაფარად საკმარისი ფული არ ჰქონია. მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე (76%), კომუნალურ გადასახადებზე (62%), წამლებსა (38%) და სესხებზე (30%) ხარჯავს.
გამოკითხულთა 37%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 31%-ის აზრით - არასწორი მიმართულებით. 26% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით დადებითი შეფასება 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით არის გაზრდილი. კვლევის მიხედვით, დადებითი შეფასება ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში გაიზარდა. ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.
გამოკითხულთა უმეტესობა, 66% ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს, ხოლო 34% - დაუცველად. მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ. შეკითხვაზე, რა არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველოში თავს დაუცველად გრძნობთ (მაქსიმუმ სამი პასუხი), 39%-მა სიღარიბე დაასახელა, 35%-მა - ინფლაცია და მაღალი ფასები, 34%-მა უმუშევრობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა, 33%-მა კრიმინალი, 21%-მა პოლიტიკური არასტაბილურობა, 10-10%-მა მაღალი ფასები წამლებზე და ძალადობის შემთხვევები, 7%-მა ცუდი ჯანდაცვა.
უმეტესობა ქვეყნის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი შემცირებულია. 2022 წლის დეკემბერში, გამოკითხულთა 44% ამბობდა, რომ ქვეყნის მომავლის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, მაშინ როდესაც 2018 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 57% იყო. კვლევის მიხედვით, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ყველაზე ოპტიმისტურად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრები ადამიანები არიან.
ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა, რაც NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში პირველად მოხდა. ფასების ზრდის შემდეგ (39%), ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დასახელდა სამუშაო ადგილები (38%), სიღარიბე (30%), ტერიტორიული მთლიანობა (25%) და პენსიები (24%). ამასთან, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის არ სახელდება.
უმრავლესობას (51%-ს) ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კვლევა 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.