7 წლის წინ სიღნაღის პოლიციაში მოქალაქის ცემისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ვლადიმერ მჭედლიშვილი, არქივის ფოტო

სიღნაღის პოლიციის სამმართველოში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის ცემიდან 7 წლის შემდეგ, ყოფილ ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ნოზაძეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით ბრალდება წარუდგინეს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შესაფარდებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 14 დეკემბერს საქმეზე „ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა) პროცედურული ასპექტის დარღვევა დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება დაეკისრა. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 15 მაისს, სიღნაღში, ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი ნოზაძემ, თანამშრომლებთან ერთად ადმინისტრაციული წესით დააკავა მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილი. დაკავებული პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს, სადაც მას უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ.ნ.-მ ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რამაც ვლადიმერ მჭედლიშვილის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია. 

პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაახმაურა. 37 წლის ვლადიმერ მჭედლიშვილი სიღნაღის პოლიციაში სრულიად ჯანმრთელი შეიყვანეს, სხეულის დაზიანებების გარეშე. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებისას სისხლნაჟღენთები ჰქონდა მარცხენა თვალბუდის და მენჯის არეში. იზოლატორში ყოფნისას, ერთ ღამეში 2–ჯერ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა. სააადმყოფოში გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მას მე–6, მე–7 და მე–8 ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა. 

გამოძიება საოლქო პროკურატურაში 2017 წლის 17 მაისს დაიწყო, მაგრამ წლების განმავლობაში არ დასრულდა. ვლადიმერ მჭედლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დახმარებით, სტრასბურგის სასამართლოს სწორედ ეროვნულ დონეზე გამოძიების გაჭიანურების გამო მიმართა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ პოლიციელს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კბილები ჩაუმტვრიეს, კისრის მალები მოტეხეს...

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2015–2016 წლებში კახეთში პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი შემთხვევა გაახმაურა.

2016 წლის 5 თებერვალს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე 19 წლის გიორგი მოლაშვილმა განაცხადა, რომ 3 თებერვალს, საღამოს, ის ყვარლის პოლიციის შენობაში ცემეს. „მაგიდაზე დამახეთქა, ზემოდან დამაჯდა და ცემა დამიწყო. ხელებზე ბორკილების დადების შემდეგ მეტლახზე დამაგდეს. ბორკილებდადებულ ხელზე პოლიციელმა გუგულაშვილმა ფეხი დამადგა, რომ ცემის დროს წინააღმდეგობა ვერ გამეწია. ამის შემდეგ პოლიციის უფროსის კაბინეტში შემიყვანეს, პოლიციის უფროსმაც მცემა, მუშტით სახეში“, – აღნიშნა გიორგი მოლაშვილმა.

2015 წლის 29 ოქტომბერს, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის და თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს 19 წლის ლადი ელიკაშვილი. მისი თქმით, გურჯაანის პოლიციის უფროსის ოთახში სცემეს და ორი კბილიც ჩაუმტვრიეს. „მას შემდეგ რაც დავსისხლიანდი, ტუალეტში შემიყვანეს, პირი დამაბანინეს, ჩემი ოჯახის წევრებს რომ არ დაენახათ. პოლიციის უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა მითხრა, ასე იტყვი, ვითომ კიბეებზე წაიქეცი და დაზიანებები მაშინ მიიღეო“, – თქვა ლადი ელიკაშვილმა.

2015 წლის 21 მაისს, ტვინის შერყევისა და სხეულის დაზიანებებით (კისრის მოტეხილობა) გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე. მას შემდეგ, რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ჭაბუკაძეზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის პოლიციის შენობაში ცემეს, გამომძიებელმა დავით ყოჩიშვილმა ნაცემს საავადმყოფოში, პალატაში მიაკითხა და მუქარის შედეგად აიძულა ხელი მოეწერა წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე, თითქოს სახლში, კიბეზე დაგორდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და დაზიანებები მაშინ მიიღო. მოგვიანებით ჭაბუკაძემ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერდა, პოლიციელები საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, მას იარაღის ჩადებით და დაპატიმრებით დაემუქრნენ.

პროკურატურამ ამ ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება, მაგრამ არცერთი პოლიციელი არ დაუსჯიათ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.