ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ვლადიმერ მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს დაზარალებულისთვის კომპენსაციის სახით, 3000 ევროს გადახდა დააკისრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ვლადიმერ მჭედლიშვილი 2017 წლის 15 მაისს, ღამის საათებში, სამართალდამცავებმა ქალაქ სიღნაღის ცენტრში, ერთ-ერთი სკვერში დააკავეს. მისი თქმით, დაკავების მომენტში და პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა მასზე ფიზიკურად იძალადა.
წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებისას ვლადიმერ მჭედლიშვილს სისხლნაჟღენთები ჰქონდა მარცხენა თვალბუდის და მენჯის არეში. იზოლატორში ყოფნისას, ერთ ღამეში 2–ჯერ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სააადმყოფოში გამოკვლევების ჩატარების შემდეგ კი მას მე–6, მე–7 და მე–8 ნეკნების მოტეხილობა დაუდგინდა.
პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურაში 2017 წლის 17 მაისს დაიწყო, მაგრამ წლების განმავლობაში არ დასრულდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპულ სასამართლოს საჩივრით სწორედ ეროვნულ დონეზე გამოძიების გაჭიანურების გამო მიმართა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია ვლადიმერ მჭედლიშვილის სხეულზე მისი დაკავების შემდეგ დაფიქსირებული დაზიანებები, აღმოჩენილი ნეკნების მოტეხილობა და მძიმე ტკივილები. სამედიცინო ექსპერტიზამ ნეკნების დაზიანების ზუსტი დროის განსაზღვრა ვერ შეძლო, თუმცა არ გამოურიცხავს, რომ ისინი შეიძლება მომჩივნის დაკავების დროს იყო მიყენებული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები სწორედ მის დაკავებას უკავშირდებოდა, რის გამოც სახელმწიფოს ამ ფაქტთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება წარმოეშვა.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურამ რიგი რელევანტური და დროული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი და საქმის მასალებზე სრული წვდომა. თუმცა, სასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიებამ ვერ შეძლო საქმისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემა. კერძოდ:
- გამოძიებამ არ დაადგინა მომხდარი მოვლენების ზუსტი ქრონოლოგია, მათ შორის ისიც, რა მოხდა მომჩივნის დაკავებასა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მის მოთავსებამდე.
- სამედიცინო ექსპერტს არ დაუსვეს კითხვა იმასთან დაკავშირებით, შეიძლებოდა თუ არა მომჩივანს ფიზიკური დაზიანებები დაკავების მიმართ იმგვარი წინააღმდეგობის გაწევის შედეგად მიეღო, რაც ვიდეო კამერებზე იყო აღბეჭდილი.
- არ შეფასებულა მომჩივნის მიერ დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობის ინტენსიურობა, პოლიციელების მიერ გამოყენებული ძალის ხარისხი ანდა ამ ღონისძიების პროპორციულობა.
- გამოძიება ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, უმოქმედობის ხანგრძლივი პერიოდებით. აღნიშნულის გამამართლებლად კი სახელმწიფოს არანაირი განმარტება არ წარმოუდგენია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყოს მისი სწრაფად და ეფექტიანად ჩატარება.