ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გადაადგილების თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ახალგორისა და ჯავის მოსახლეობისთვის ე.წ. გამშვები პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, „რაზდახანის“ (ოძისი) და „პერეუს“ (პერევი) ე.წ. გადასასვლელები ყოველი თვის 20 რიცხვიდან 30-მდე, დილიდან საღამომდე იმუშავებს (ადგილობრივი დროით 9-დან 7-მდე).
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
2022 წლის წლის 31 ნოემბრამდე ახალგორისა და ჯავის რაიონების მცხოვრებლები გადაადგილებას „ვადაგასული საშვებითაც“ შეძლებენ.
ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა აღნიშნა, რომ ახალგორის და ჯავის რაიონების ადმინისტრაციებმა, საგუშაგოების მუშაობის განახლების შესაძლებლობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით განიხილეს.
რუსეთის მიერ ახალგორის რაიონის ოკუპაციის შემდეგ, 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა მკვიდრ მოსახლეობას მხოლოდ სპეციალური საშვებით შეეძლო. 2019 წლის 4 სექტემბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი „რაზდახანი“ ჩაკეტა. მაშინდელი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ითხოვდა, საქართველოს ხელისუფლებას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგო აეღო, რომელიც მისი თქმით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სოფელ წნელისში იდგა. ბიბილოვი ამბობდა, რომ ამ საგუშაგოს აღებამდე ახალგორს არ გახსნიდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ წნელისის განაპირას, ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო 2019 წლის 20-24 აგვისტოს მოაწყო. საგუშაგო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრის მოშორებით მდებარეობს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. საპოლიციო საგუშაგოს მოწყობას წინ უძღოდა 2019 წლის იანვრიდან, წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე, ხეებზე ფერადი მონიშვნები, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები, თუმცა ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა ოსურმა მხარემ არ აიღო. ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით კილომეტრნახევრით შემოიწია და ორი ე.წ. საგუშაგო მოაწყო.
რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადასასვლელ მეორე პუნქტს, პერევის საგუშაგო „რაზდახანის“ ჩაკეტვიდან კიდევ ექვსი თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა და 2020 წლის 28 თებერვალს, COVID-19 პანდემიის გამო კარანტინის მიზეზით ჩაიკეტა.
სამწლიანი იზოლაციის განმავლობაში ე.წ. გადასასვლელი მხოლოდ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო გახსნეს. ამ პერიოდში, ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის არქონის გამო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.
2021 წლის გაზაფხულზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებში ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. წინასაარჩევნოდ ის ახალგორის მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ თუ მას აირჩევდნენ, ე.წ. გამშვებ პუნქტებს გახსნიდა. გაგლოევმა ახალგორში ოთხჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ბიბილოვმა.