სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისში, 19 ნოემბრის აქციის დარბევისას დაკავებული და დაშავებული მოქალაქეები მოინახულეს - მათგან 14 დროებითი მოთავსების იზოლატორში, 2 კი კლინიკაში. 16 პირიდან 10 პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებაზე მიუთითებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
აპარატში ასევე აღნიშნავენ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების ამსახველი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცეს და მოუწოდეს, პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარის გამოძიება.
„სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მსვლელობას". - ვკითხულობთ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სულ 16 ადამიანი დააკავა, საიდანაც 3 ხელწერილით გაათავისუფლეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ადვოკატები ადასტურებენ, რომ დაკავებულ მოქალაქეები ნაცემები არიან. ნესტან ლონდარიძემ, რომელმაც სამი დაკავებული მოინახულა, განაცხადა, რომ „მათზე უშუალოდ დაკავების დროს განხორციელდა გადამეტებული ძალის გამოყენება“.
„ასევე არის პირი, რომელსაც მანქანაში ყოფნის დროს დაარტყეს სახეში და ეს კვალიც მას აღენიშნება“, - უთხრა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
მელიქიშვილის გამზირზე ძალის გამოყენებით დააკავეს ტელეკომპნია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძეც, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და მოქალაქეთა დაკავების კადრებს იღებდა. ის დაახლოებით ერთ საათში ხელწერილით გაათავისუფლეს.
„მითხრეს, თქვენ წესს არღვევდით, ხელს გვიშლიდითო, ანუ სავალ ნაწილზე იყავით გადმოსულიო. ოპერატორს რამდენად მომეთხოვება, არ ვიცი. აქტივისტი ხომ არ ვარ, არა? მე ვარ ოპერატორი და ჩვეულებრივად ვიღებდი ამ ამბებს. რატომ გადაწყვიტეს ჩემი დაკავება, წარმოუდგენელია. თვალი მაქვს ჩალურჯებული. დანარჩენი ფიზიკურად არ მეტყობა, მაგრამ კარგად მირტყეს. ტანზე სულ გახდილი ვიყავი, რომ მაკავებდნენ ქურთუკიც გამხადეს და ყველაფერი. ისე მოხდა, რომ კამერა აღარ აღმოჩნდა ჩემთან ერთად“, - განაცხადა გათავისუფლების შემდეგ სერგი ბარამიძემ.
პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, გივი ავალიანსაც.
კლინიკაში გადაიყვანეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნიკა კვიტატიანი. მისი თქმით, სახეში თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა დაარტყა.
