მემკვიდრეობის პლატფორმის განცხადებით, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის - ალავერდის კომპლექსის ტერიტორიაზე სასტუმრო უკანონოდ შენდება და სამშენებლო სამუშაოები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პლატფორმა, რომელიც ICOMOS საქართველოს, ეროვნულ ფონდს, ლურჯ ფარს და ძეგლთა დაცვის მიმართულებით მომუშავე სხვა ორგანიზაციებს აერთიანებს, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირების მიმართ გამოძიება უნდა დაიწყოს შესაძლო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ალავერდის კათედრალი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარ ნუსხაშია. მემკვიდრეობის პლატფორმა მიიჩნევს, რომ ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალად მოაზრებული უნდა იყოს 1000 მეტრი და არა დღეისათვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლისთვის კანონით განსაზღვრული - 500 მეტრიანი რადიუსი. როგორც ცნობილია სასტუმრო, რომლის მშენებლობაშიც აქტიურად არის ჩართული ეპარქიის მღვდელმთავარი აბბა ალავერდელი, ეკლესიიდან 500 მეტრიან რადიუსში შენდება.
მემკვიდრეობის პლატფორმა თავის შეფასებაში ყურადღებას ამახვილებს, რომ ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს არა მხოლოდ XI საუკუნეში აგებულ წმინდა გიორგის ტაძარს, არამედ კომპლექსში შემავალ ყველა სხვა ძეგლს - სამრეკლოს, პალატს, გალავანს, სასახლეს, მარანს, აბანოს და კარიბჭეს. ეს გარემოება კი ზრდის ალავერდის, როგორც კომპლექსური ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალს.
კანონის თანხმად, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება: ძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით; ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით; მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის – 1000 მეტრის რადიუსით.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ეკლესიასთან ახლოს, კომპანია „ბადაგონმა“ პრემიუმ კლასის, 32 ნომრიანი სასტუმროს - Alaverdi Resort-ის მშენებლობას საფუძველი 2022 წლის 3 თებერვალს ჩაუყარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იმ დროისთვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ამჟამად ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერია, გუბერნატორი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები. კომპანია მშენებლობის დასრულებას იმავე წლის სექტემბერში ვარაუდობდა.
ღონისძიებიდან რამდენიმე დღის შემდეგ „მთის ამბებმა“ ახმეტის მერიიდან, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან და კულტურის სამინისტროდან სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა. უარის გამო „მთის ამბებმა“ სამივე უწყების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და სამინისტროს და სააგენტოს მიმართ შეტანილი სარჩელების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია. თელავის სასამართლომ კი ახმეტის მერიას დაავალა, „მთის ამბებისთვის“ მოთხოვნილი დოკუმენტები გადაეცა. დადასტურდა, რომ კომპანია „ბადაგონი“ ალავერდის მღვდელმთავრის ხელშეწყობითა და მფარველობით სასტუმროს უკანონოდ აშენებდა - მშენებლობის ნებართვა გაცემული არ იყო. „მთის ამბებმა“ ახმეტის მერიიდან მოითხოვა მასალები ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში უკანონო მშენებლობის ფაქტზე, ზედამხედველობის სამსახური რა რეაგირებას ახდენდა. სწორედ ამის შემდეგ მერიამ კომპანია „ბადაგონს“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და დააჯარიმა. „ბადაგონმა“ სასტუმროს მშენებლობის პროექტში რამდენიმე ცვლილებაც შეიტანა. კომპანიამ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა, რის შემდეგაც ახმეტის მერიამ მას მშენებლობის ნებართვა მისცა.