აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა, რომელიც ევროპული საბჭოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შუამავლობით 7 დეკემბერს, ბრიუსელში უნდა გამართულიყო, შესაძლოა, გაუქმდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესში საფრანგეთის მონაწილეობა მისთვის მიუღებელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ალიევის თქმით, მის თანაშემწეს და საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს, ჰიქმეთ ჰაჯიევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ოფისიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი 7 დეკემბრის შეხვედრას ერთი პირობით თანხმდება - თუ მონაწილეობას საფრანგეთიც მიიღებს.
„რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეხვედრა არ შედგება. რა მოხდა პრაღის შემდეგ? პრაღაში შეხვედრა 6 ოქტომბერს იყო და შემდეგ, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, პრეზიდენტი მაკრონი ინტერვიუში თავს დაესხა აზერბაიჯანს და იმაში დაგვადანაშაულა, რაც არ გაგვიკეთებია. ნათელია, რომ ამ პირობებში, ასეთი დამოკიდებულებით, საფრანგეთი არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის მონაწილე. ისინი ამ ფორმატიდან ჩვენ არ მოგვიკვეთია. ეს მათ თავად გააკეთეს. არც რუსეთს, არც ამერიკას - მინსკის თანათავმჯდომარეებს, ოფიციალურად არასდროს დაუკავებიათ რომელიმე მხარე ომის შემდგომ პერიოდში. ეს მხოლოდ საფრანგეთმა გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ 7 დეკემბერს ბრიუსელში შეხვედრა არ შედგება და ვნახავთ, რა ალტერნატივები გვაქვს - ვინ იქნება მედიატორი, ან ფასილიტატორი, ან სად იქნება პლატფორმა“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სამშვიდობო პროცესისთვის ძირის გამოთხრის და დროის გაწელვის მცდელობად განიხილავს.
„სამშვიდობო პროცესი მიგვიყვანს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე, სადაც ისინი ვერაფერს იტყვიან ყარაბაღის შესახებ. ალბათ, ამიტომ გადაწყვიტა სომხურმა მხარემ ყველა იმ ტაქტიკის გამოყენება, რასაც ოკუპაციის დროს იყენებდა - შედეგზე ორიენტირებული სცენარის გარეშე პროცესი უსასრულო გახადოს. თუ ეს მათი არჩევანია, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია?! ვერ ვაიძულებთ ხელი მოაწერონ. ეს იმას ნიშნავს, რომ არ იქნება შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ არ იქნება მშვიდობა“, - აღნიშნა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანი, ვაან უნანიანი გამოეხმაურა. მისი თქმით, რეალობასთან არაფერი აქვს საერთო აზერბაიჯანული მხარის განცხადებებს იმის შესახებ, რომ სომხეთი შეხვედრის და სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობს. სომხეთი მზად არის 7 დეკემბრის შეხვედრაში მონაწილეობისთვის.
„წინა შეხვედრა, პრაღაში, სადაც მიღწეული იქნა შეთანხმება შეხვედრების გაგრძელების თაობაზე, ჩატარდა ოთხმხრივ ფორმატში და ლოგიკურია, რომ ეს ფორმატი და მონაწილეთა შემადგენლობა იგივე უნდა იყოს“, - თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
6 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა შედგა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც ესწრებოდნენ. ალიევი შეხვედრას დადებითად აფასებს, რადგან, მისი თქმით, სომხეთმა ოფიციალურად პირველად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, რაც ყარაბაღის სუვერენიტეტსაც ნიშნავს.
12 ოქტომბერს, სატელევიზიო ინტერვიუს დროს, ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა 2020 წელს 44-დღიანი ომის დაწყებაში, რომელსაც „საშინელი ომი“ უწოდა, ასევე, მიმდინარე წლის სექტემბერში ყარაბაღში სიტუაციის ესკალაციაში. გარდა ამისა, მაკრონმა თქვა, რომ რუსეთი კავკასიაში დესტაბილიზაციას და არეულობის შექმნას ცდილობს.