ალიევმა საქართველოს გავლით გაზის, ნავთობის და ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდაზე ისაუბრა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„რადგან მთელ მსოფლიოსა და ევროპაში ენერგორესურსებზე დიდი მოთხოვნაა, საქართველო და აზერბაიჯანი ამ საკითხში ერთი ფრონტიდან იმოქმედებენ და ერთ წერტილზე ფოკუსირებით მოახდენენ საკუთარი ეროვნული ინტერესების  უზრუნველყოფას. ნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ორ მოძმე ქვეყანას შორის ურთიერთობა რეგიონისთვის, ევროპისა და მსოფლიოსთვის“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის დროს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ილჰამ ალიევსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა 24 ოქტომბერს, მცხეთაში, „შატო მუხრანში“ გაიმართა. როგორც მათ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა იყო. ილჰამ ალიევის თქმით, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი ევროპაში  ბუნებრივი აირის ექსპორტის გაორმაგებას გეგმავს.

„ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის, მხოლოდ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. რა თქმა უნდა, ამ კუთხით ჩასატარებელი სამუშაოები განიხილებოდა ორმხრივ ფორმატში და საჭიროა შემდგომი დისკუსიები. ამავე დროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ექსპორტი გაიზრდება, კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ნავთობსადენი. ვიცი, რომ ახლა ის არ მუშაობს. პრემიერ-მინისტრთან ამაზეც ვისაუბრეთ. ბატონ პრემიერს ვაცნობე ჩვენი გეგმების შესახებ. მას დიდი პოტენციალი აქვს.

ახალი პროექტი ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი აპირებს, ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანოს და რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. მხოლოდ გათავისუფლებულ მიწაზე შესაძლებელია 10 გიგავატი განახლებადი ენერგიის გამოყენება. კასპიის ზღვაში ეს რიცხვი 157 გიგავატს აღწევს. ეს საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადასტურებული რიცხვია. ძალიან დიდი რიცხვია. რა თქმა უნდა, ამ ენერგიის წარმოება და ექსპორტი ჩვენი ამოცანაა უახლოესი წლებისთვის. საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად ითანამშრომლებენ როგორც ამ სფეროში, ასევე, სხვა სფეროებში. ასე რომ, ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობებია - ენერგორესურსები, სატრანსპორტო დერეფნები“, - განაცხადა ალიევმა.

გარდა ამისა, ალიევის თქმით, აზერბაიჯანი აპირებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაზარდოს, რისთვისაც, მომავალი წლების განმავლობაში, პროექტში დამატებით ინვესტიციებს ჩადებს.

„მსოფლიოში კასპიის ზღვით აზერბაიჯანის, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების გავლით სატრანსპორტო გზების დიდი საჭიროებაა. ახალი სატრანსპორტო გზები როგორც  გეოპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე მთლიანად აკმაყოფილებს მარშრუტის გასწრივ მდებარე ყველა ქვეყნის ინტერესებს.

შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობის გაზრდა 5 მილიონ ტონამდე, ამავდროულად  საქართველოს პორტების გამოყენებით შუა აზიიდან და მთლიანად აზიიდან დასავლეთის მიმართულებით და პირიქით გადაზიდული ტვირთის მოცულობის გაზრდა, ახალ რეალობას ქმნის. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ გვსურს, ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონიდან 25 მილიონ ტონამდე გავზარდოთ. ამიტომ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო სფეროში მჭიდრო კოორდინაცია უნდა იყოს, რადგან ჩვენი საერთო პროექტები ერთდროულად დასრულდეს. იმისთვის, რომ სატრანზიტო ქვეყანა იყო, მეზობლებთან აუცილებლად კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს. ასეთი ურთიერთობების გარეშე ვერცერთი ქვეყანა სანდო სატრანზიტო ქვეყნად ვერ იქცევა. ჩვენი მეგობრული, ძმური, პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან ქმნის ამ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ალიევმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, როგორც მიმდინარე, ისე დაგეგმილი პროექტების რეალიზაციის მიზნით, აზერბაიჯანთან ურთიერთობა მაქსიმალურად გაააქტიუროს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილმა 1993 – 2003 წლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სიტყვებით დაასრულა: „მინდა, დავესესხო  თქვენს მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას: აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა. ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს“.

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).